„სოფლის ნობათის“ რძეში აფლატოქსინის აღმოჩენასთან დაკავშირებით მორიგ განმარტებას აკეთებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. როგორც სეს-ის სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ანა გემაზაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ბაზრიდან აღნიშნული რძის გამოთხოვა.
""ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ [სოფლის ნობათი] წარმოებული რძე აფლატოქსინზე გამოკვლეულ იქნა როგორც შარშან, ასევე შარშანწინ და ამ დრომდე არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებული აფლატოქსინის არსებობა. ეს კონკრეტული ფაქტი დაკავშირებული იყო მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებთან, სადაც აღმოჩნდა შეუსაბამობა ლაბორატორიული გამოცდის შედეგად. სააგენტოს მიერ მყისიერად გავრცელდა ინფორმაცია სწორედ იმიტომ, რომ დაგვეცვა მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა. თავად ბიზნეს ოპერატორიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია და იმავე დღესვე დაიწყო ამ კონკრეტული პარტიების ბაზრიდან ამოღება. მინდა დავაწყნარო ჩვენი მომხმარებელი, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, თუკი რაიმე დარჩენილია აღნიშნული პარტიებიდან, მათი გამოთხოვა ბაზრიდან“, - განმარტა ანა გემაზაშვილმა.
მისივე თქმით, სეს-ი რძის მეწარმე ყველა ბიზნესოპერატორს ყოველწლიურად 4-ჯერ ამოწმებს გეგმურად, გამომდინარე იქიდან, რომ რძის მწარმოებლები მაღალი რისკის მწარმოებლებს განეკუთვნებიან.
„ფაქტობრივად, მაღალი რისკის საწარმოებში კონტროლი ხორციელდება ყოველ 2 თვეში ერთხელ. გარდა იმისა, რომ საწარმოო პროცესი მოწმდება, კონტროლდება ასევე ბაზარზე განთავსებული ყველა დასახელების რძის ნაწარმი. მათ შორის სასმელი რძეც და ასევე აღნიშნული ბიზნესოპერატორის რძეც არაერთხელ არის შემოწმებული. არაერთ მაჩვენებელზე ხდება მონიტორინგი, ნიმუშების აღება და სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოკვლევა. მათ შორის ამ მაჩვენებელზეც [აფლატოქსინზე]“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, გუშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანამხადაც, "სოფლის ნობათის" რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა. სეს-ი მომხმარებელს მოუწოდებს, არ გამოიყენონ კონკრეტული გამოშვების რძე.




























