მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სეს-მა 950 000 ლარად "თურქულის" საწინააღმდეგო რუსული ვაქცინების შესყიდვის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

მსხვილფეხა პირუტყვი

სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადება თურქულის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინებს ყიდულობს. გამარტივებული შესყიდვის ღირებულება 950 000 ლარია.

შესაბამისი ხელშეკრულება შპს "მედ-ლაინ“-თან 2025 წლის ოქტომბერში დაიდო, თუმცა მეორე პრეტენდენტმა კომპანიამ, რომელიც სააგენტოს თურქეთში წარმოებულ ვაქცინებს სთავაზობდა, გაასაჩივრა.

კერძოდ, შპს "ნუგეში“, რომელმაც გადაწყვეტილება გაასაჩივრა, სააგენტოს სთავაზობდა თურქეთში წარმოებულ, კომპანია „ვეტალის“ მიერ ალუმინის ჰიდროქსიდზე დამზადებულ ვაქცინას „აფტოვაკ“ (AFTOVAC), 100 მლ/ფლკ, ერთი დოზის ღირებულებით - 5.20 ლარი, ხოლო სეს-მა ხელშეკრულება გააფორმა შპს "მედ-ლაინ“-თან, რომლის საბოლოო შეთავაზება იყო - რუსეთის ფედერაციაში წარმოებული კომპანია „Federal centre for animal health (ARRIAH)“ მიერ, ზეთის ფუძეზე დამზადებული თურქულის საწინააღმდეგო მონოვალენტური ვაქცინა შტამი SAT1 100 მლ/ფლკ, ერთი დოზის ღირებულებით - 1.90 ლარი.

დავების განხილვის საბჭოს 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს დაევალა ხელშეკრულების გადასინჯვა და მსჯელობა, თუ რამდენად არის შპს „მედ-ლაინის“ მიერ შეთავაზებული საქონელი თურქულის საწინააღმდეგო მონოვალენტური SAT-1 სეროტიპის შემცველი ვაქცინა. თავის მხრივ, სეს-მა 8 ნოემბერს გადაწყვიტა, რომ უცვლელი დატოვოს რუსული ვაქცინების შესყიდვის გადაწყვეტილება.

თურქული (Food and Mouth Disease) წყვილჩლიქიანი შინაური და გარეული ცხოველების მაღალკონტაგიოზური, განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეული ვირუსული ინფექციური დაავადებაა. თურქულით ავადდება ყველა სახეობის წყვილჩლიქიანი ცხოველი (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ირემი, აქლემი და სხვა), დაავადების მიმართ ყველაზე მეტი ამთვისებლობით გამოირჩევა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. ავადობამ, შესაძლოა, 100%-მდე მიაღწიოს, მოზარდ ცხოველებში სიკვდილიანობა 20%-მდეა. ადამიანი თურქულით არ ავადდება.

თურქული ფიქსირდება საქართველოს სამხრეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებში. მათ შორის, თურქეთის რესპუბლიკაში, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სექტემბერში ფიქსირდებოდა SAT-1 სეროტიპით გამოწვეული 12 აფეთქების კერა, მათ შორის საქართველოს საზღვართან ახლომდებარე პროვინციებში.

სეს-ში აღნიშნავენ, რომ საქართველოში, ამთვისებელი ცხოველების იმუნიზაციის მიზნით 2025 წლის მეორე და 2026 წლის პირველ ნახევარში საჭიროა 1 500 000 დოზა ვაქცინა. მათ შორის, არსებული და მოსალოდნელი საფრთხეებიდან გამომდინარე, საჭიროა, გადაუდებელი აუცილებლობით პირველ ეტაპზე უმოკლეს ვადაში მოხდეს 500 000 დოზა SAT-1 სეროტიპის შემცველი ვაქცინის შესყიდვა და ვაქცინაციის დროული წამოწყება, რომელიც გაგრძელდება 2026 წლის 15 თებერვლამდე.

აღსანიშნავია, რომ შესყიდვების სააგენტოს ვებგვედზე არსებული ინფორმაციით, ვაქცინების მიწოდების თაობაზე 2025 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ვაქცინების მიწოდებას 2025 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით. BMG დაინტერესდა, მოხდა თუ არა უკვე ვაქცინების მოწოდება - შესაბამისი კითხვით სურსათის სააგენტოს მივმართეთ და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები