სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში, კახეთსა და იმერეთში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა და მეწარმეები დააჯარიმა.
სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევები სახელმწიფო კონტროლისა და მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა:
- აჭარა: ბათუმში, ფიროსმანის ქ. N4-ში მდებარე კაფე-ბარ-რესტორან „ბუხარაში“ (ი/მ ს. ი.) ინსპექტირებამ ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და ეტიკეტირების წესის დარღვევა დააფიქსირა. ამასთან, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მუშაობდა.
- კახეთი: სიღნაღის მუნიციპაიტეტ სოფელ ტიბაანში არაგეგმური შემოწმებისას ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა (ი/მ „დ. ა.“). ობიექტი რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე ფუნქციონირებდა, დარღვეული იყო ვეტერინარული და სურსათის უვნებლობის მოთხოვნები. სეს-მა ამოიღო ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი, რომელიც განადგურებას ექვემდებარება.
- იმერეთი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ სორმონში ი/მ ლ. ჯ. რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე, უკანონოდ ახორციელებდა ფრინველის დაკვლას შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
სეს-ის ცნობით, კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო საწარმოო პროცესი შეუსაბამობების სრულ აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.
სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის სტანდარტები და აცხადებს, რომ სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს.
























