მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-მა ქობულეთში, ქუთაისსა და კასპში კვების ობიექტებსა და საწარმოებს საქმიანობა შეუჩერა

სეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები და არალეგალური წარმოების ფაქტები გამოავლინა. დარღვევების გამო რამდენიმე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საწარმოო პროცესი კი შეუჩერდათ.

სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური შემოწმება ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაატარეს, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა:

  • ინდივიდუალური მეწარმე ნ.მ-ის სასადილოში (რუსთაველის მეორე ჩიხი N13);
  • ინდივიდუალური მეწარმე ა.ნ-ის სასადილოში (თავისუფლების ქ. N26);
  • ინდივიდუალური მეწარმე მ.გ-ის კაფე-ბარში (აღმაშენებლის ქ. N376 ბ).

აღნიშნულ ობიექტებში კრიტიკულ შეუსაბამობებთან ერთად გამოვლინდა ეტიკეტირების წესის დარღვევა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონა. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

კრიტიკული შეუსაბამობები დააფიქსირეს სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმაც. ქუთაისში, თამარ მეფის ქ. N7-ში მდებარე შპს „კოზი 1994“ (საფირმო სახელწოდებით „ბარაქა“), განმეორებითი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 5 000 ლარით დაჯარიმდა და კონკრეტული საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

რაც შეეხება შიდა ქართლს, ინსპექტორებმა კასპში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს. კოჯრის ქუჩა N24ა-ში მდებარე შპს „ლეწე“ პროდუქციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. გარდა ამისა, ობიექტზე დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები. კომპანია დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველსაყოფად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესოპერატორის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაცია, ვინაიდან არარეგისტრირებულ საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი ვერ ხორციელდება და ისინი საფრთხეს უქმნიან მომხმარებელთა ჯანმრთელობას.

სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით არარეგისტრირებული ობიექტების გამოვლენა და კონტროლი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები