მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესი ძაღლების დასაჭერი საშუალებების ტენდერზე გავრცელებულ ბრალდებებს დეზინფორმაციას უწოდებს

სეს

სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში 435 ცალი დასაჭერი ხელსაწყოს შესყიდვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. უწყება პასუხობს გავრცელებულ ბრალდებებს არაკონკურენტული გარემოს შესახებ და ამას „მიზანმიმართულ დეზინფორმაციას“ უწოდებს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრის კვლევა მიმდინარე წლის 6 მარტს გამოაცხადა. კვლევის პროცესში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო, რომლებმაც სააგენტოს სხვადასხვა ფასი შესთავაზეს:

  • დანიური წარმოების (Daninject): 1 ერთეული — 1 400 ლარი (ჯამში 609 000 ლარი);
  • გერმანული წარმოების (Teledart Gmbh): 1 ერთეული — 1 200 ლარი (ჯამში 522 000 ლარი).

უწყების ცნობით, ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ, 25 მარტს, სააგენტომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი , რომლის სავარაუდო ღირებულებაც 436 800 ლარით განისაზღვრა. 14 აპრილს სისტემამ დააფიქსირა მნიშვნელოვნად დაბალი შეთავაზება 95 500 ლარი, რომელიც შპს „ჯგ20.26“-მა წარადგინა.

სააგენტოს განმარტებით, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს და გარემო არაკონკურენტულია, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ელექტრონული ტენდერის პირობებში, პირველ ეტაპზე ფიქსირდება ყველაზე დაბალი ღირებულების შემოთავაზება. ტენდერში მონაწილე კომპანიების სრული რაოდენობის დადგენა მხოლოდ გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არის შესაძლებელი“, - აცხადებენ სესში.

ამ დროისთვის ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. გამარჯვებული კომპანია ოფიციალურად მას შემდეგ დასახელდება, რაც კომისია დეტალურად შეისწავლის, რამდენად აკმაყოფილებს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და აღჭურვილობა ტენდერის მოთხოვნებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული აღჭურვილობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის. უწყება მოუწოდებს სხვადასხვა ჯგუფებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც, მათი თქმით, სახელმწიფო პროგრამის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

სააგენტო ამტკიცებს, რომ პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები