მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[სესხებზე] მაღალ აქტივობას ველოდებით და ბანკებიც მზად არიან, დააკმაყოფილონ ეს მოთხოვნა - "ბაზისბანკი"

დავით ცაავა

საბანკო სექტორში მიმდინარე წლის საკრედიტო აქტივობასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები აქვთ.

როგორც BMG-სთან „ბაზისბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ განაცხადა, მზარდი მოთხოვნა ნარჩუნდება ბიზნესსესხებზე, რაც თავის მხრივ ქვეყანაში არსებულ მაღალ ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება.

რაც შეეხება მოლოდინებს საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებაში, დავით ცაავა ამბობს, რომ საქართველოში არსებული სასესხო განაკვეთები, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მათ შორის, ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგებზე.

“საკმაოდ კარგი დინამიკა გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, რაც ძალიან დადებითი სიგნალია. ბიზნესი აქტიურობს, არის მოთხოვნა სესხებზეც, რასაც საბანკო სექტორი პასუხობს. ვფიქრობ, არც მიმდინარე წელი იქნება გამონაკლისი, ველოდებით მაღალ აქტივობას და, შესაბამისად, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებიც პრინციპში მზად არიან, რომ დააკმაყოფილონ ეს მოთხოვნა.

ბოლო წლებს თუ შევხედავთ, მუდმივად ხდება საპროცენტო განაკვეთების შემცირება, რაც პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, საერთაშორისო რეიტინგები უმჯობესდება, რაც პირდაპირ აისახება ფულის ღირებულებაზეც. ასე რომ, მაგ მიმართულებითაც პოზიტიური მოლოდინები გვაქვს”, - განაცხადა დავით ცაავამ.

ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბერში კომერციულ ბანკებში სესხების ზრდის ტემპი წლიურ ჭრილში 14%-ის ფარგლებში იყო, საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთი კი 12.9%-ის ფარგლებში იყო.

რაც შეეხება ბანკების ფინანსურ მაჩვენებელს, 2025 წელს საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა რეკორდული, 3.3 მილიარდ ლარზე მეტი მოგება მიიღეს. წმინდა მოგება წლის ჭრილში 7%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები