მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სესხის გამცემი კომპანია „ბინობი“-ს ეროვნულმა ბანკმა 26 000 ლარით დააჯარიმა - მიზეზები

ფულადი ჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემი სუბიექტი შპს „ბინობი“ ჯამში 26 000 ლარით დააჯარიმა. რეგულატორის გადაწყვეტილება დაკავშირებულია ფინანსური მონიტორინგისა და რისკების მართვის მოთხოვნებთან შეუსაბამო ქცევებთან.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია დაექვემდებარა სანქციას რამდენიმე მიზეზით:

  • ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ფორმის დაგვიანებით წარდგენა – „ბინობიმ“ პირველადი აღრიცხვის ფორმა წარადგინა 2021 წლის 29 იანვარს, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ვალდებულება მოქმედი წესების მიხედვით ერთთვიან ვადაში უნდა შესრულებულიყო. აღნიშნული დარღვევისთვის კომპანიას 5 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
  • ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება – შემოწმების პროცესში დაფიქსირდა სამი შემთხვევა, როდესაც კომპანიამ ინფორმაცია ან დოკუმენტაცია არასწორად წარმოადგინა. თითოეული ფაქტისთვის „ბინობი“ 2 000 ლარით, ჯამში კი 6 000 ლარით დაჯარიმდა.
  • სისტემური ხარვეზები პროგრამულ უზრუნველყოფაში – შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორგანიზაციის ელექტრონულ სისტემას არ გააჩნია საეჭვო და დაკავშირებული ოპერაციების იდენტიფიკაციისა და პოლიტიკურად აქტიურ პირთა გამოვლენის სრულფასოვანი ფუნქციონალი. აღნიშნული დარღვევა შეფასდა მნიშვნელოვან ხარვეზად, რის გამოც კომპანიას დამატებით 15 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

საბოლოოდ, შპს „ბინობი“-ს ფულადი სანქციის ჯამური ოდენობა 26 000 ლარია. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით კომპანია 2008 წელს დარეგისტრირდა და მერაბ თავართქილაძეს ეკუთვნის.

ეროვნული ბანკის ცნობით, მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, რეგულატორი გააგრძელებს ფინანსური სექტორის სუბიექტების მონიტორინგს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფინანსური მონიტორინგის, რისკების მართვისა და კომპლაიანსის სტანდარტების მკაცრი დაცვა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები