მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხზე ვადაგადაცილების მაჩვენებელი 7%-ითაა შემცირებული - "კრედიტინფო საქართველო"

კრედიტინფო საქართველო

„კრედიტინფოს“ 2023 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 201 047 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 383 830 -ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას ვადაგადაცილებულ კრედიტებზე, ის 2 მლრდ ლარს აჭარბებს.

როგორც „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, ლაშა ბაღათურიამ გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, გასული წლის დეკემბრის ბოლოს, ბაზაში 1,9 მლნ სუბიექტი დაფიქსირდა, საიდანაც იურიდიული პირების რაოდენობა მხოლოდ 2%-ს შეადგენს, ხოლო ძირითადი დატვირთვა ფიზიკურ პირებზე მოდის.

მისივე ინფორმაციით, 2023 წელს, სესხზე ვადაგადაცილების მაჩვენებელი 7%-ითაა შემცირებული, რაც იმით აიხსნება, რომ გარკვეული წლების განმავლობაში ეროვნულ ბანკს დაკრედიტებასთან დაკავშირებით კონსერვატიული მიდგომა ჰქონდა, შესაბამისად, პორტფელის ზრდაც შემცირებული იყო. აღნიშნული კი, ვადაგადაცილებებული სესხების პორტფელზეც მოქმედებდა.

„აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ეროვნული ბანკის სტრატეგია შეიცვალა და წელს, გარკვეულ ცვლილებებს კვლავ ველოდებით. შესაძლებელია დაკრედიტების პორტფელის ზრდის ტემპიც გაიზარდოს, რაც ვადაგადაცილებების მაჩვენებლის ზრდას შეუწყობს შეუწყობს.

საკრედიტო სფეროში უკვე ყველა სუბიექტს მოვიცავთ. გარდა მსხვილი კორპორაციული სესხებისა, მათ ვალდებულება აქვთ, რომ 10 მლნ ლარამდე ოდენობის ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია ბიუროში გამოაგზავნონ, რაც საერთო სურათის დანახვაში გვეხმარება. შესაბამისად, საკრედიტო მიმართულებით რეგულირების ნაწილში თითქმის 100%-ს მოვიცავთ“, - აცხადებს ბაღათურია.

მისივე ცნობით, „კრედიტინფო საქართველომ“ახალი კალათა დაამატა, სადაც ის სუბიექტები ხვდებიან, რომლებსაც სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აქვთ. საერთო ჯამში, ამ კალათაში 367 000 ფიზიკური პირია თავმოყრილი. ანუ 367 000 ფიზიკურ პირს აქვს 30 დღეზე მეტი ვადით სესხზე ვადაგადაცილება, რაც მისი შეფასებით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამ კალათაში მოხვედრილი პირების 60%-ზე მეტი არასაბანკო რეგულირებად სუბიექტებზე მოდის, რომლებიც ვალის ამომღებები არიან, ანუ ესენი არიან სუბიექტები, რომლებსაც ძალიან ხანგრძლივი და უიმედო სესხები აქვთ და მათი აკუმულირება პირდაპირ ამ კალათაში ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები