ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელის 53.4% უკვე ეროვნულ ვალუტაში არის ნომინირებული, რაც ლარიზაციის მაქსიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს. ლარის სესხების წილმა 50%-ს პირველად მიმდინარე წლის აპრილში გადააჭარბა.
ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი სექტემბერში 1.1 მილიარდი ლარით გაიზარდა და 43.2 მილიარდს მიაღწია. სესხების მატებამ წინა თვესთან შედარებით 2.7% შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 422.71 მლნ ლარით (1.86%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 706.90 მლნ ლარით (3.64%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.52%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის აგვისტოს ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.87 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.68%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.54 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.54%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.61%-ით ნაკლები).
2022 წლის აგვისტოს განმავლობაში 2.90%-ით, ანუ 646.86 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 22.99 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 53.44 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.43 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.59 პროცენტული პუნქტით).




























