მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხების ზრდის ტემპის შესამცირებლად რაიმე ღონისძიებების გატარების საჭიროება არ დგას - ლეჟავა

615428f6e1358
ინგა მურუსიძე
29.09.21 13:17
668
"ამ ეტაპზე არ დგას საჭიროება, რომ სესხების ზრდის ტემპის შესამცირებლად რაიმე დამატებითი ღონისძიებები გატარდეს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქმე ის არის, რომ ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს ბანკების საკრედიტო პორტფელი, დაახლოებით, 15%-ით გაიზრდება. მედია პაპუნა ლეჟავასგან დაინტერესდა, რამდენად ჭარბი და რისკის შემცველია დაკრედიტების ზრდის მსგავსი ტემპი არსებული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით და ხომ არ ზღუდავს არსებული საკრედიტო აქტივობა მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას?!

„ამ მაჩვენებელს უკვე გადავხედეთ, რადგან დღეის მდგომარეობით, სესხების ზრდა შედარებით მაღალია, ვიდრე წლის დასაწყისში იყო მოსალოდნელი. დღეისთვის, ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლოს სასეხო პორტფელის ზრდა, დაახლოებით, 18%-ის ფარგლებში იქნება. ეს განპირობებულია ეკონომიკის მოსალოდნელზე უფრო სწრაფი აღდგენით და მიჰყვება ეკონომიკის აღდგენის ტემპს.

შესაბამისად, როცა სესხების ზრდის ტემპი იზრდება შემოსავლების ანუ ეკონომიკის აღდგენასთან ერთად, ეს ნაკლებ რისკს წარმოადგენს. თუ მაგალითად 2020 წლისთვის მშპ-ის ნომინალური ზრდის ტემპი, დაახლოებით, 0%-ზე იყო, ჩვენ სესხების საკმაოდ მაღალი ზრდა გვქონდა. 2021 წლის განმავლობაში მშპ-ის ზრდა გაცილებით უფრო მაღალია და ეს სესხების ჯანსაღ ზრდასაც უწყობს ხელს. ამ ეტაპზე რაიმე დამატებითი ღონისძიებების გატარების საჭიროება, რათა შევამციროთ სესხების ზრდის ტემპი, არ დგას. ამავდროულად, გამოწვევად რჩება სესხების დოლარიზაცია, ეს არის ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი ტვირთი, რაც მძიმე ტვირთად აწვება მსესხებლებს“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები