სეზონი, ჯერჯერობით, სრულად ჩავარდნილია, - ამის შესახებ BMG-ის მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელმა, ეკა გველესიანმა განუცხადა.
მისი თქმით, სეზონის ჩავარდნის მიზეზი ინფრასტრუქტურული პრობლემებია, ისევე როგორც პერიოდული უშუქობა და არასაკმარისი მარკეტინგი.
„ეს სეზონი ჯერჯერობით სრულადაა ჩავარდნილი. დამსვენებლები პრაქტიკულად არ არიან, თუ არიან, ძირითადად რუსეთის მოქალაქეები, ისიც დაბალმხარჯველი სეგმენტი. პრობლემა წელსაც არის უშუქობა, რის გამოც ხშირად ითიშება საბაგიროები. შესაბამისად, სასრიალოდაც ნაკლებად ჩამოდის ტურისტი.
გარდა ამისა, წელს პირველად მოხდა, რომ ზუგდიდი-მესტიის გზა არ გაიწმინდა დროულად, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ ყველაფრის შედეგია, რომ წელს საგრძნობლად შემცირებულია ტურისტთა რაოდენობა.
გასული წლის იანვარსაც თუ შევადარებთ და შეგახსენებთ, რომ შარშან თოვლიც არ იყო, მაინც წელს უფრო დაბალია დამსვენებელთა რიცხვი. თებერვალში სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი სვანეთში, რამდენიმე ჩემპიონატი იქნება, ისევე როგორც გემოფესტი და ვნახოთ, რა შედეგზე გავალთ. უშუქობას რაც შეეხება, ტემპერატურის დაცემასთან ერთად იწყება ელექტრო გადამცემი ხაზების მწყობრიდან გამოსვლა, რაც იწვევს დენის ხშირ გათიშვას. გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონი გაზიფიცირებული არაა და დენი გათბობის წყაროცაა, დენის გათიშვა როგორც ბიზნეს საქმიანობაში გვიშლის ხელს, ასევე ტექნიკის დაზიანების კუთხით ახალ პრობლემებს გვიჩენს”
რაც შეეხება შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს, ეკა გველესიანის თქმით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით შესაბამისი სამუშაოებია გასაწევი, უმნიშვნელოვანესია გზის საკითხის მოგვარება. აღნიშნულს კი პირველ რიგში პოლიტიკური ნება ჭირდება. სასტუმროს დამფუძნებელი არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ მომავალი წლისთვის მაინც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მეტი ძალისხმევით იმუშაოს სვანეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიმართულებით.
„რეკლამა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში უნდა გაიზარდოს, ეს იყო ჩვენი ძირითადი სეგმენტი წლების განმავლობაში. ამ სეგმენტზე გვაქვს აწყობილი საქმიანობა და სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან საკმარის ძალისხმევას ვერ ვხედავთ“, - ამბობს ეკა გველესიანი.