შპს „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე „სფერო ინვესტის“ დირექტორი გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს. ინფორმაცია bm.ge-ს საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ინფორმაცია თავდაპირველად TVპირველმა გაავრცელა. მათი ცნობით, დაკავება იტალიაში საქართველოს საელჩოში მოხდა.
უწყების განმარტებით კი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი ექსტრადიციასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები.
გიორგი მურუსიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში დაიწყო და იგი საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი.
პროკურატურის ინფორმაციით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 244 მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინეს დიდი ოდენობით თანხები, თუმცა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს და მოტყუებით დაახლოებით 12 მილიონ ლარს დაეუფლნენ.




























