თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ციხეში 11 ივლისს მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის წარმომადგენელს 12 ივლისს შეხვდა და მომხდარის შესახებ დეტალურად უამბო. "ვითხოვ, სახალხო დამცველის აპარატისგან საკითხის შესწავლას და რეაგირებას" - ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილი მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს.
მისი თქმით, საკანში იყო კამერები, სადაც აღბეჭდილი უნდა იყოს მომხდარი.
"ჩემს საკანში ვიდეო თვალი იყო, ასევე დერეფანში და ყველაფერი დაფიქსირებული უნდა იყოს, თუ როგორ შემოიყვანეს ჩემთან ის პიროვნება და შემდეგ სად წაიყვანეს. ჩემს ცემას ვუკავშირებ ჩემი ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას, დაშინებას. მოვითხოვ მარტო ყოფნას საკანში ვიდეო მეთვალყურის ქვეშ. სხვაგვარად ჩემს სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეში იქნება. შაბათს საღამოს შემხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ყველაფერი მოვუყევი დეტალურად. ვითხოვ, სახალხო დამცველის აპარატისგან საკითხის შესწავლას და რეაგირებას", - წერს ბაჩიაშვილი.
ბაჩიაშვილი ამბობს, რომ იქამდეც რამდენჯერმე ითხოვა ომბუდსმენთან დარეკვა, თუმცა უშედეგოდ: "ვითხოვდი ადვოკატთან და სახალხო დამცველთან დარეკვას, თუმცა არ დამარეკინეს", "ისევ მოვითხოვე ადვოკატებთან და სახალხო დამცველთან დარეკვა, თუმცა უშედეგოდ", "კვლავ ვითხოვდი დარეკვას და მხოლოდ 18:00 საათის შედეგ შევძელი სახალხო დამცველის აპარატში დარეკვა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც შიმშილობა გამოვაცხადე".
bm.ge სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა კითხვით, როგორი იყო მათი რეაგირება. მასალა, პასუხის მიღების შემთხვევაში განახლდება.




























