მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შაფრანის ფასი მცირედით გავზარდე" – რა ღირს 1 გრამი?

შაფრანი

შაფრანის ფასი საქართველოში მცირედით გაიზარდა. ამის შესახებ BM.GE-სთან ფერმერმა მერაბ ინასარიძემ ისაუბრა, რომელსაც აღნიშნული მცენარე მოჰყავს.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს 1 გრამი შაფრანის ღირებულება, რომელსაც კულინარიასა და მედიცინაში გამოიყენებენ, 25 ლარს შეადგენს, ეს გასულ წელთან შედარებით 5 ლარით მეტია. ფერმერის თქმით, ფასის ზრდა ძირითადად სამუშაო ძალის გაძვირებამ განაპირობა.

„თუ ორი წლის წინ მუშის დღიური ანაზღაურება 50 ლარი იყო, შარშან უკვე 90 ლარს შეადგენდა, ამიტომ პროდუქტის ფასის მცირედით გაზრდა მოგვიწია“, – განმარტავს ინასარიძე.

მისივე თქმით, ევროპულ ბაზარზე შაფრანის ფასი კიდევ უფრო მაღალია. მაგალითად, გერმანიაში 1 გრამი შაფრანი ხარისხის მიხედვით 17 ევრომდეც იყიდება.

„პროდუქტის ნაწილი უცხოეთშიც გადის - ჩემი შვილი და მეგობარი, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ, შაფრანს იქაც მიყიდიან. გერმანიაში 1 გრამი შაფრანის ფასი ხარისხის მიხედვით 17 ევრომდეც ადის. ბაზარზე ირანული შაფრანიც არის, რომელიც 3-4 ევროდ იყიდება, თუმცა ქართული შაფრანი მაღალი ხარისხის სეგმენტში გადის. მე შაფრანს საფრანგეთში ლაბორატორიაში ვაგზავნი და იქიდან ყოველთვის მაღალი შეფასება მოდის“, – აცხადებს ფერმერი.

მერაბ ინასარიძეს შაფრანის ბაღები გორში უკვე ათი წელია აქვს გაშენებული. მის გეგმებში გაფართოება შედის, კერძოდ, მას სურს, რომ მეურნეობას 1-2 წელში 1.5 ჰა მიამატოს, რაც წარმოების გაზრდის და ექსპორტზე გასვლის შესაძლებლობასაც მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები