პრემიერ-მინისტრმა არჩევნების შემდეგ კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფა დააანონსა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გაყოფის შემდეგ სპორტის სამინისტროს შალვა გოგოლაძე დაიკავებს.
"მინდა წარმოგიდგინოთ შალვა გოგოლაძე, რომელიც დაიკავებს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, ის იქნება სპორტის კურატორი სპორტის და კულტურის სამინისტროში, ხოლო მას შემდეგ რაც გამოეყოფა სპორტის სამინისტრო, ის დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას, ასეთია ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება.
შალვა გოგოლაძეს დამთავრებული აქვს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით არის იურისტი. წლების განმავლობაში ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, სხვადასხვა დროს იგი იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექტორი, იყო საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორი და წლების განმავლობაში ასევე იყო თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე. 2015 წლიდან, წლების განმავლობაში, იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას და მაშინაც კურირებდა სპორტის მიმართულებას. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ფართო გამოცდილება სპორტის სფეროში და დარწმუნებულები ვართ, ის იქნება ძალიან წარმატებული ჯერ პირველი მოადგილე სამინისტროში და შემდეგ უკვე ძალიან წარმატებული სპორტის მინისტრი, ბატონ შალვას მინდა, ვუსურვო წარმატებები,“- განაცხადა პრემიერმა.
შალვა გოგოლაძის ბიოგრაფია:
განათლება
- 1996 - 2000 წ. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია;
- 2000 - 2005 წ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნე.
პროფესიული გამოცდილება
- 2018 - 2021 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.
- 2017 - 2018 საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე;
- 2015 - 2016 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;
- 2015 წლის მაისიდან სამშენებლო კომპანია "არენამშონი" დირექტორი;
- 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის მაისამდე სპორტული კომპლექსი - "არენა 1", "არენა 2" კომერციული დირექტორი;
- 2014 წლის ოქტომბერი 2015 წლის თებერვალი - ქალაქ თბილისი მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, სამსახურის უფროსის მოადგილე;
- 2011 - 2014 წ. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ "საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი" დირექტორი;
- 2010 - 2011 წ. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ""სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი" დირექტორი;
- 2009 - 2010 წ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სსიპ "სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი" დირექტორი;
- 2007 - 2009 წ. იურიდიული კომპანია "გოგოლაძე და პარტნიორები" მმართველი დირექტორი;
- 2005-2007 წ. იურიდიული კომპანია "მამალაძე და პარტნიორები" ადვოკატი;
- 2001 - 2005 წ. დიდუბე - ჩუღურეთის რაიონული სასამართლო სპეციალისტი;
- 2007 წლიდან სამცხე-ჯავახეთის კრივის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი;
- 2006 წლიდან საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი (ვიცეპრეზიდენტი);
- 2005 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია - სერტიფიცირებული ადვოკატი სამოქალაქო სამართალი;