შალვა პაპუაშვილი პოლონეთის საელჩოს მიმართვას ეხმიანება, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში არშეშვების რისკების შესახებ აფრთხილებს.
საქმე ისაა, რომ პოლონეთის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში დასახელებულია არშეშვების შესაძლო მიზეზები, მათ შორის დემონსტრაციებში მონაწილეობა, ასევე სოციალურ ქსელში აქტივობა.
პაპუაშვილის თქმით, მან არ იცის, რატომ ასკვნის საელჩო, რომ არშემოშვების მიზეზი შეიძლება ეს იყოს, მაგრამ აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს "არაფერი ესაქმება სხვა ქვეყანაში დემონსტრაციებზე".
"არ ვიცი, რატომ ასკვნის პოლონეთის საელჩო, რასთან შეიძლება იყოს კავშირი.. არ ვიცი, რა შემთხვევები იყო... ასეთ პირდაპირ კავშირს რატომ ამყარებს. თუმცა, მეორე მხრივ, ამაზე ხაზგასმა გასაკვირია და გასაკვირია რადიკალების რეაქციები, როდესაც ისეთი წარმოდგენაა, რომ თითქოს ეს თავისთავადი საკითხია, რომ უცხოელები საქართველოში ჩამოდიოდნენ და აქ აქციებს აწყობდნენ, თუ ჰგონიათ რომ ყივჩაღების გუნდს ჩამოიყვანენ იმისთვის, რომ მათ მიეხმარონ და რაღაცნაირად შეავსებენ შეთხელებულ რიგებს, არ ვიცი...
ის ფაქტები, როდესაც ჩვენ ვნახეთ რომ უცხოელები იყვნენ ჩართული საქართველოში რადიკალურ პროცესებში, ერთ რამეს აჩვენებს - ეს არის გაგრძელება ამ ქვეყნების ხელისუფლებების არასწორი პოლიტიკისა... როცა დაინახავს პოლონეთის მოქალაქე რომ პოლონეთის ელჩი ერევა ამ ქვეყნის შიდა საქმეებში, როცა დაინახავს ესტონეთის მოქალაქე, რომ ესტონეთის ელჩი ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში, იმასაც ჰგონია, რომ ეს თავისთავადია, რომ ჩახვიდე უცხო ქვეყანაში და სხვა საზოგადოებას თავს მოახვიო შენი პოლიტიკური მოსაზრებები. ასე არ არის აწყობილი სამყარო და ამას არ გულისხმობს სუვერენიტეტი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




























