შანხაიში 5-10 ნოემბერს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მერვე გამოფენა (CIIE) გაიმართება, რომელიც ეროვნული გამოფენებისა და კონგრესების ცენტრში ჩატარდება. წლევანდელი ღონისძიება რეკორდული მასშტაბით წარიმართება - მონაწილეობას 155 ქვეყნიდან 4,108 უცხოური კომპანია მიიღებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას 40-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.
ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ქართული კომპანიები გამოფენაზე სამ პავილიონში იქნებიან წარმოდგენილი.
ფინანსთან მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქალაქ შანხაიში იმპორტის ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით სარგებლობს. მისი შეფასებით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის, რომ დაამყარონ შესაბამისი კონტაქტები ჩინურ კომპანიებთან იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს საქართველოს ექსპორტის პოტენციალის გამოყენება ჩინეთში და სხვადასხვა მიმართულებით.
„ზოგადად, ექსპორტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ეკონომიკის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექსპორტი ყოველთვის იყო მამოძრავებელი ძალა და მთავარი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური ზრდის. ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, გააფართოონ ექსპორტის შესაძლებლობები ისეთ დიდ ბაზარზე, როგორიც არის ჩინეთი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ესწრება. დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
CIIE ითვლება ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პლატფორმად, რომელიც უცხოურ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, წარმოადგინონ პროდუქცია და ინვესტიციური შეთავაზებები ჩინურ ბაზარზე. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, გამოფენა წელს უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ინოვაციებზე, მწვანე ტექნოლოგიებსა და მომავლის ტრანსპორტზე.
საქართველო გამოფენაში 2018 წლიდან მონაწილეობს.




























