მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შანხაიში ვისაუბრებთ საქართველოს ხედვაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით - მარიამ ქვრივიშვილი

ქვრივიშვილი შანხაიში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ საქართველო პირველად მონაწილეობს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში, რომელიც შანხაიში იმართება. მისივე თქმით, ღონისძიებაში საქართველოსთან ერთად უპრეცედენტო რაოდენობის, 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, შანხაიში მიმდინარე „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენცია და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრა“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ღონისძიების მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში არსებულ მნიშვნელოვან მიღწევებს.

„ღონისძიების ფარგლებში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ადგილზე გავცნობოდით იმ მნიშვნელოვან მიღწევებს, რომელიც ადგილობრივ, ისევე როგორც საერთაშორისო კომპანიებს აქვთ უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და როგორ ხდება მისი გამოყენება, მათ შორის ადგილობრივ და საერთაშორისო ეკონომიკაში“,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, შანხაიში შეკრებილი სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მონაწილეობას მიიღებენ „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის მაღალი დონის შეხვედრაში“.

„სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ვისაუბრებთ საქართველოს მიდგომებზე და ხედვაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები