საქართველოს მთავრობამ შაქარზე იმპორტის ტარიფი დააწესა. 2023 წლის 20 ნოემბრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე ყოველ ტონა შაქარზე იმპორტის 400 ლარიანი გადასახადი წესდება. შესაბამისად, კგ მზა შაქარზე გადასახადი 40 თეთრს შეადგენს.
საქსტატის თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, ერთი კილოგრამი დაფასოებული შაქრის საცალო სარეალიზაციო საშუალო ფასი 3.53 ლარია. თუკი ამ ფასს 40 თეთრიც დაემატება, მაშინ საცალო ფასი 4-ლარიან ნიშნულს დაუახლოვდება.
საქართველო ყოველწლიურად 110-130 ათას ტონა შაქარს ყიდულობს, რომლის ღირებულებაც 75-90 მილიონი დოლარის ფარგლებშია. 2023 წლის თვეში კი ქვეყანამ 77 მილიონი დოლარის ღირებულების 113 ათასი ტონა თეთრი შაქარი შეიძინა. წლევანდელი მდგომარეობით, საქართველო თვეში საშუალოდ 8.5 მილიონი დოლარის ღირებულების 12.5 ათას ტონა შაქარს ყიდულობს. იმ პირობებში როდესაც შაქარზე საიმპორტო ტარიფი 7 თვის განმავლობაში იმოქმედებს, სახელმწიფო ბიუჯეტში ამ მოსაკრებლით 35 მილიონი ლარი შევა.
პირდაპირ იმპორტულ შაქართან ერთად ქვეყანა ყიდულობს შაქრის ლერწამსაც, რომლისგანაც საქართველოში მოქმედი ერთადერთი კომპანია “აგარის შაქრის ქარხანა” თეთრ შაქარს აწარმოებს.
2023 წლის 9 თვეში საქართველოში 64 ათასი ტონა შაქრის ლერწამი შემოვიდა, რომლის ღირებულებაც 41 მილიონი დოლარი იყო. გასულ წელს კი ქვეყანაში 51 მილიონი დოლარის ღირებულების 94 ათასი ტონა შაქრის ლერწამი შემოვიდა.
წელს საქართველოში თეთრი შაქრის იმპორტის საშუალო ფასი ტონაზე 678 დოლარია, რაც გასული წლის საშუალო ფასს 589 დოლარს 15%-ით აღემატება.
საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია განმარტება თუ რის გამო მიიღეს შაქრის იმპორტზე ტარიფის დაწესების გადაწყვეტილება.