მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შაქრის იმპორტზე ტარიფი წესდება - რა შემოსავალი აქვს შაქრის ერთადერთ მწარმოებელს საქართველოში?

შაქარი

საქართველოს მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 100 კილოგრამზე მეტი ოდენობის იმპორტისას, კგ შაქარი 40 თეთრის იმპორტის გადასახადით დაიბეგრება, რაც ტონაზე 400 ლარის მოსაკრებელს ნიშნავს. მთავრობის დადგენილება 20 ნოემბრიდან ამოქმედდება და ძალაში 2024 წლის 1 ივლისამდე იქნება.

საქართველოში შაქრის ერთადერთი მწარმოებელია კომპანია “აგარის შაქრის კომპანია”, რომელიც შიდა ქართლში, სოფელ აგარაში მდებარე გადამმუშავებელ ქარხანას ფლობს. კომპანია შაქრის წარმოების გარდა მზა შაქრის იმპორტითაც არის დაკავებული.

“აგარის შაქრის კომპანიამ” 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად გასული წლის განმავლობაში შემოსავალი 71 მილიონი ლარით, 211 მილიონ ლარამდე გაზარდა. ასევე მკვეთრად გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგებაც და ის 1.4 მილიონი ლარის ნაცვლად 12.6 მილიონი ლარი იყო.

ანგარიშის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში აგარის შაქრის ქარხანამ 86.9 ათასი ტონა ნედლეული (შაქრის ლერწამი) გადაამუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტი იყო.

კომპანიის მთლიანი შემოსავალი ასე ნაწილდება:

  • საკუთარი წარმოების მზა პროდუქციის რეალიზაცია - 162.1 მილიონი ლარი, ზრდა 28%;
    საქონლის ხელახალი გაყიდვა - 37.2 მილიონი ლარი, ზრდა 188%;
    თანაპროდუქტის რეალიზაცია - 11.4 მილიონი ლარი, ზრდა 3,700%.

მმართველობით ანგარიშში “აგარის შაქრის კომპანია” მიუთითებს, რომ ქარხნის ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ლერწმის ნედლეულის ფასსა და მზა თეთრი შაქრის პროდუქტის ფასებს შორის სხვაობაზე. შესაბამისად, თუკი ამ ორს შორის სხვაობა დიდია, კომპანიის საქმიანობა უფრო რენტაბელურია, სხვაობის შემცირების პირობებში კი ფინანსური მაჩვენებლები უარესდება.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2022 წელს “აგარის შაქრის კომპანიამ” 16 მილიონი ლარის გადასახადები გადაიხადა.

საქართველო აგარის შაქრის კომპანიის ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გარდა ყოველწლიურად ათიათასობით ტონა სხვა იმპორტულ შაქარსაც მოიხმარს.

2022 წლის განმავლობაში ეს 89 მილიონი დოლარის 152 ათასი ტონა შაქარი იყო, 2023 წლის 9 თვეში კი იმპორტმა უკვე 77 მილიონი დოლარი (113 ათასი ტონა) შეადგინა. მზა თეთრი შაქრის გარდა ქვეყანა ათობით მილიონი დოლარის ღირებულების სხვა ტიპის შაქრებს, ასევე საკონდიტრო ნაწარმს და გაზირებულ შაქრიან სასმელებს ყიდულობს. მთლიანობაში შაქრის შემცველობის მქონე პროდუქციის მწარმოებელი და რეალიზატორი კომპანიების ბრუნვა რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს აღწევს.

რაც შეეხება შაქრის ლერწმის იმპორტს, გასულ წელს საქართველომ 51 მილიონი დოლარის ღირებულების 94 ათასი ტონა ლერწამი შეიძინა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები