მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარშან 60-მდე სკოლა გავხსენით, წელს კი კიდევ 30-მდე განახლებული და ახალი სკოლა გვექნება - მიქანაძე

გივი მიქანაძე

ახალ სასწავლო წელს საქართველოში 30-მდე სრულად განახლებული და ახლად აშენებული სკოლა გაიხსნება, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს ახალ სასწავლო წელს 60-მდე ასეთი სკოლა გაიხსნა.

მინისტრის განცხადებით, სასკოლო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა, რადგან დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ბოლო სამი წლის გამოკლებით, ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება ფაქტობრივად არ განხორციელებულა.

„მინდა გითხრათ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, სამი ათწლეულის განმავლობაში, თუ ბოლო სამი წლის პერიოდს არ ჩავთვლით, ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად არ განახლებულა. ახალი სკოლების მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია შეიძლება თითებზე ჩამოსათვლელი იყოს ამ 30-32 წლიანი პერიოდის განმავლობაში. სწორედ სამი წლის წინ, სამი წელიწადია, რაც აქტიურად დაიწყო ეს ყველაფერი. ის სასკოლო ინფრასტრუქტურა, რომელიც 60-70-იანი წლების ინფრასტრუქტურაა, მაშინდელი აშენებული, ერთიანად დაგვაწვა.

იცით, რომ სკოლების რაოდენობა საკმაოდ დიდია. მთელი ქვეყნის მასშტაბით 2085 საჯარო სკოლა გვაქვს. რა თქმა უნდა, უკვე ამ სამ წელიწადში ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები და არაერთ რეგიონში, ქალაქში ვარ ნამყოფი. ხალხი ძალიან გახარებული, ბედნიერია, როდესაც ხედავს, როგორი სტანდარტის, როგორი განახლებული ინფრასტრუქტურაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ჯანსაღი გარემო იყოს. არამხოლოდ მოსწავლისთვის, არამედ მასწავლებლისთვის, რომლისთვისაც ის მუდმივი სამუშაო ადგილია. რასაც ჰქვია, გული უნდა ჩადოს იმ ყველაფრისთვის და უნდა მიუხაროდეს. მასწავლებელს ისედაც მიუხარია სკოლაში ბავშვებთან ურთიერთობისთვის, მაგრამ ჩვენ ამ პროცესს ხომ ხელი უნდა შევუწყოთ.

გეტყვით იმასაც, რომ თუნდაც ახალ სასწავლო წელს 30-მდე სრულად განახლებული და ახლად აშენებული სკოლით ვხვდებით. შარშან ახალ სასწავლო წელს 60-მდე ასეთი სკოლა გავხსენით. ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი არ ჩერდება, თუმცა გამოწვევა პატარა მასშტაბის არ არის. სწორედ აქ ვეძებთ ჩვენ გამოსავალს, თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ეტაპობრივად გადაიჭრას. ამასთანავე, იმასაც ვიტყვით, რომ ყველაფერი ჩვენზე ვერ და არ იქნება დამოკიდებული, ვინაიდან ღიად გაცხადებული პოლიტიკური ნებაა, შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფაა გამოყოფილი, თუმცა არაერთი შემთხვევაა, როდესაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ძალიან არაკეთილსინდისიერად მოიქცა. მოგვიწია მისი დაჯარიმება. კონკრეტული საქმეებია გენერალურ პროკურატურაში გადაგზავნილი, მაგრამ ეს მშობელს არ აინტერესებს. მშობელს აინტერესებს, სკოლა როდის იქნება და ბავშვი როდის მივა იმ სკოლაში. ეს ჩვენი პრობლემებია. ამას იმისთვის კი არ ვამბობ, რომ თავს ვიმართლებთ. უბრალოდ, ეს არის ის რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, სკოლების რეაბილიტაცია 2009 წლიდან განათლების სამინისტროს სსიპ-ის, „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ პასუხისმგებლობა იყო. 2025 წლის 1 სექტემბრიდან სააგენტო გაუქმდა და სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაექვემდებარა.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ 2025 წლის 29 ოქტომბერს პარლამენტში განაცხადა, რომ სამინისტროს 77 სკოლის პროექტი გადაეცა. მათგან 53 სკოლის მშენებლობა თავიდან უნდა დაწყებულიყო, 14 სკოლის პროექტი რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, ხოლო 10 პროექტი იმ დროისთვის პროექტირების ეტაპზე იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები