შარშან აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საკუთარი რესურსებიდან 24.3 მილიარდი დოლარი გამოყო და დამატებით 14.9 მილიარდი დოლარი მოიზიდა პარტნიორებიდან თანადაფინანსების სახით, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად.
„ჩვენ ვაფინანსებთ უფრო ხელმისაწვდომ და ეფექტიან ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სისტემებს, ხელს ვუწყობთ კერძო სექტორს, რომელიც ქმნის უკეთეს სამუშაო ადგილებს და ვაძლიერებთ საბაზისო სერვისებს განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროებში. პარტნიორებთან ერთად, ვაშენებთ უკეთეს მომავალს ახალი თაობებისთვის აზიისა და წყნარ ოკეანის რეგიონში", - აცხადებს ADB-ის პრეზიდენტი მასატო კანადა.
24.3 მილიარდი დოლარი მოიცავს მთავრობებისა და კერძო სექტორისთვის გაცემულ სესხებს, გრანტებს, კაპიტალში ინვესტიციებს, გარანტიებსა და ტექნიკურ დახმარებებს. უშუალოდ საქართველოში შარშან აზიის განვითარების ბანკმა 157.1 მლნ დოლარის მოცულობის სესხი გასცა სახელმწიფო და კერძო სექტორზე.
ანგარიშში ასევე წერია, რომ ADB-ის ხელშეწყობით ერთი მილიონი პირდაპირი სამუშაო ადგილი შეიქმნა და ბანკმა 4.8 მილიარდი დოლარი გამოყო კერძო სექტორის პროექტებისა და პროგრამებისთვის. 2024 წელს ADB-მ ასევე ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერა განახორციელა პროდუქტიული და მედეგი სასურსათო სისტემების შესაქმნელად, კლიმატური მოვლენების მავნე ზეგავლენის შესამცირებლად და ბუნებრივი გარემოს დეგრადაციისა და ბიომრავალფეროვნების დაკარგვის საწინააღმდეგოდ.
ანგარიშის თანახმად, ADB-მ ხელი შეუწყო წევრ ქვეყნებში რეფორმების განხორციელებას სახელმწიფო ფინანსური მართვის გაუმჯობესებისა და ფისკალური რისკების შემცირების მიმართულებით. ასევე დაეხმარა სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას ადგილობრივი რესურსების მობილიზებისა და ბიუჯეტირების გზით. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 49 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.




























