შარშან დაზღვეული დეპოზიტები საშუალოდ 4%-ით იზრდებოდა და ზრდის მაქსიმალურ ნიშნულს - 35%-ს იანვარში მიაღწია, რაც სადაზღვევო ზღვრის 15 ათასი ლარიდან 30 ათას ლარამდე ზრდამ გამოიწვია. 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, ჯამში 9.27 მილიარდი ლარის დეპოზიტი იყო დაზღვეული. ამის შესახებ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს წლიურ ანგარიშშია ნათქვამი.
2024 წლის იანვრიდან დეპოზიტების მთლიანი მოცულობა საშუალოდ თვიურად 1.2%-ით იზრდებოდა. ფიზიკური პირების და იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები წლის განმავლობაში საშუალოდ შესაბამისად 4.1%-ით და 4.5%-ით გაიზარდა.
2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით ჯამში 58 მილიარდი ლარის მოცულობის დეპოზიტები იყო ქართულ ბანკებში განთავსებული. აქედან დაზღვეული დეპოზიტების რაოდენობა 10.6 მილიარდი ლარამდე გაიზარდა. დაზღვეული დეპოზიტებიდან 9.7 მილიარდი ლარზე მეტი ფიზიკური პირების არის, ხოლო იურიდიული პირების წილი მცირე 0.9 მილიარდი ლარია. დაზღვეული დეპოზიტების რაოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში შარშან საშუალოდ 4%-ით, ხოლო იურიდიული პირების რიცხვი 4.5%-ით გაიზარდა.
ანგარიშის მიხედვით, დაზღვევის სისტემის ამოქმედებიდან დაზღვეული დეპოზიტების პროცენტული წილის მნიშვნელოვანი ზრდა 2020 და 2024 წელს დაფიქსირდა, რაც სადაზღვევო ზღვრის გაზრდას უკავშირდებოდა. 2022 წლიდან სისტემას იურიდიული პირების დეპოზიტები დაემატა, რამაც გაზარდა დეპოზიტების მთლიანი მოცულობა, თუმცა არსებული ზღვრის და განაწილების პირობებში ამავდროულად გამოიწვია დაზღვეული დეპოზიტების პროცენტული წილის შემცირება. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების 53% დაზღვეულია ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 47% - უცხოურ ვალუტაში.
კომერციული ბანკების მიერ წარმოდგენილი ანგარიშგების მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში სულ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანის მოცულობა თვიურად საშუალოდ 3.63%-ით იზრდებოდა. მაქსიმალური ზრდა 2024 წლის იანვარში დაფიქსირდა და რეგულარული სადაზღვევო შენატანის მთლიანმა მოცულობამ 5.19 მლნ ლარი შეადგინა.
დაზღვეული ფიზიკური პირების დეპოზიტებისთვის რეგულარული სადაზღვევო შენატანი წლიურად საშუალოდ 3.6%-ით იზრდებოდა, მაქსიმალური 33.5%-იანი ზრდა 2024 წლის იანვრის თვეში დაფიქსირდა, სადაც რეგულარული სადაზღვევო შენატანის მოცულობამ 4.74 მლნ ლარი შეადგინა. ხოლო, იურიდიული პირების დეპოზიტებისთვის რეგულარული სადაზღვევო შენატანი წლიურად საშუალოდ 4%-ით იზრდებოდა და მაქსიმალური ზრდა - 47% - იანვრის თვეში დაფიქსირდა.
2024 წლის იანვარ-დეკემბერში დეპოზიტების დაზღვევის ფონდში ბანკების მიერ რეგულარული სადაზღვევო შენატანის სახით 64 264 041 ლარი აკუმულირდა. დეპოზიტების დაზღვევის ფონდში აკუმულირებული სახსრები, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და წლიური საინვესტიციო გეგმის შესაბამისად ინვესტირებაზე მიემართება.
ფონდის დაცულობისა და ლიკვიდურობის შენარჩუნების მიზნით, სახსრების ინვესტირება მხოლოდ დაბალრისკიან აქტივებში, კერძოდ, სახაზინო ფასიან ქაღალდებში ხორციელდება. ასევე სააგენტო თავისუფალ სახსრებს განათავსებს საქართველოს ეროვნულ ბანკში ერთდღიან დეპოზიტის ანგარიშზე, სადაც დასარიცხი წლიური საპროცენტო სარგებელი განსაზღვრულია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობით.
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ყოველწლიური საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სახაზინო ფასიან ქაღალდებში 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით 275 414 273 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, სადაც სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 266 854 000 ლარს, ხოლო საბალანსო ღირებულება 273 178 288 ლარს წარმოადგენს.
საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდა. ის უზრუნველყოფს ქვეყანაში მოქმედ ნებისმიერ კომერციულ ბანკში და მიკრობანკში განთავსებული ყველა სახის დეპოზიტების დაზღვევას.




























