მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შარშან რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტი შემცირდა, კლებაა BTC-ით გადაზიდულ ნავთობშიც

ბაქო-ჯეიჰანი მილსადენი

საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გაზსადენში, რომლითაც სომხეთი რუსული გაზით მარაგდება, შარშან 3%-იანი კლება იყო. TBC Capital-ის მიმოხილვის მიხედვით, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენში შარშან გატარებული გაზის მოცულობა 2.3 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა.

მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოზე ოთხი საერთაშორისო მილსადენი გადის: დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი (WREP) ცნობილი როგორც ბაქო-სუფსა; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი; სამხრეთ კავკასიური მილსადენი და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი. მათ ოპერატორები საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, British Petroleum და აზერბაიჯანული SOCAR-ი არიან.

აქედან ბაქო-სუფსა ყველაზე ძველი და საქართველოზე გამავალი პირველი საერთაშორისო მილსადენია. მისი საშუალებით აზერბაიჯანში კასპიის ზღვის ჩირაგის საბადოდან მოპოვებული ნავთობი დასავლეთ საქართველოში სუფსის ტერმინალამდე მიდის. 1999 წელს გახსნილი მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, აქედან 375 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ბაქო-სუფსის დღიური გამტარუნარიანობა 150 ათასი ბარელია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მილსადენის ოპერატორმა BP-მ შავ ზღვაში უსაფრთხოების გამო ოპერირება გააჩერა. TBC Capital-ის თანახმად, ბაქო-სუფსამ 2023 წლის თებერვალში ნაწილობრივ განაახლა ოპერირება, თუმცა შარშან მილსადენი კვლავ გაჩერებული იყო.

რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს (BTC), საქართველოზე გამავალ უდიდეს ნავთობსადენს, შარშან მილსადენში 2%-ით შემცირდა გატარებული ნავთობის მოცულობა. მილსადენმა 2024 წელს, ჯამში, 29.5 მლნ ტონა ნავთობი გაატარა. მილსადენმა ფუნქციონირება 2006 წლიდან დაიწყო, BTC-ი ძირითადად აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოდან მოპოვებული ნავთობის ექსპორტირებას ახდენს, თუმცა მილსადენში ასევე ხვდება ყაზახური და თურქმენული ნავთობიც. 2009 წელს მილსადენის ოპერატორმა BP-მ BTC-ის გამტარუნარიანობა წლიურად 58 მლნ ტონამდე გაზარდა, მიზეზი აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოში გაზრდილი წარმოება იყო.

რაც შეეხება აზერბაიჯანიდან გაზის ტრანზიტს, 2024 წელს სამხრეთ კავკასიურ მილსადენში გატარებული გაზი წლიურად 7%-ით 22.8 მილიარდ მ3-მდე გაიზარდა და როგორც TBC Capital-ი წერს, გაზსადენის საპროექტო გამტარუნარიანობის 95%-ს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები