მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შარშან საახალწლოდ ნომერი 100-130$ ღირდა, წელს 280−300$ - „ამბასადორი გოდერძი“

კურორტი გოდერძი

სასტუმრო “ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა. მიმდინარე ზამთრის სეზონზე სასტუმრომ ახალი შენობა გახსნა, რომელიც 89 ნომერს, სპას, აუზს, რესტორანს, ბარს, სატრენაჟორო დარბაზს, საკონფერენციო ოთახსა და ბავშვთა გასართობ სივრცეს აერთიანებს.

ახალი ინვესტიციის შემდეგ მაღალმთიანი აჭარაში სასტუმროს ერთდროულად უკვე 450 სტუმრის მიღების შესაძლებლობა აქვს. როგორც სასტუმროს გენერალური მენეჯერი ქეთი ჩიგოშვილი გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას განმარტავს, გაფართოების მიზეზი გაორმაგებული მოთხოვნაა. მისი თქმით, კურორტისადმი ინტერესი და შესაბამისად ფასები, მზარდია.

„ხუთი წლის წინ ბევრისთვის გასაკვირი იყო სასტუმროს ამ ტერიტორიაზე გახსნა, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ სტრატეგიული არჩევანი იყო. შარშან იანვარში დაახლოებით 4500 სტუმარი გვყავდა, წელს კი ეს რიცხვი უკვე 7000-მდე გაიზარდა, საუბარია მხოლოდ იანვრის პერიოდზე.

ძირითადი დამსვენებლები ქართველები არიან, თუმცა დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპელებში, განსაკუთრებით ავსტრიელებსა და გერმანელებში. ისინი ჩამოდიან ხელმისაწვდომი, კარგი თოვლის საფარის და ექსტრემალური, გაუკვალავში სრიალის შესაძლებლობის გამო. შარშანდელთან შედარებით, ევროპული ჯგუფების რაოდენობა დაახლოებით ორჯერ გაიზარდა. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ მოთხოვნა და ინტერესი ქართული კურორტების მიმართ იზრდება.

აგვისტო და ივლისი „ამბასადორი გოდერძისთვის“ უკვე აღარ ითვლება დაბალ სეზონად. წელს პირველად, აგვისტოში ისეთივე დატვირთვა გვქონდა, როგორც იანვარში - დაახლოებით 4500 სტუმარი, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო.

საშუალო დარჩენის პერიოდი არის 3-5 ღამე. ასევე, წელს გამოიკვეთა შაბათ-კვირის სტუმრიანობის გაზრდის ტენდენციაც.

ფასები საგრძნობლად გაზრდილია. მაგალითად, თუ შარშან საახალწლოდ ნომერი 100-130$ ღირდა, წელს 280−300$ იყო, რაც მაღალ მოთხოვნაზე მიუთითებს. ჩვეულებრივ პერიოდში, მაგალითად თებერვალში, ფასი შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 50$-ით არის გაზრდილი, რაც გამოწვეულია როგორც კომერციული ინტერესით, ასევე ზოგადად გაზრდილი ხარჯებით. ჩვენ ვაგრძელებთ ბაზარზე დაკვირვებას და საჭიროებისა და მოთხოვნის შემთხვევაში, მზად ვართ განვითარებისთვის, რათა სტუმრების მოთხოვნილებები დავაკმაყოფილოთ.“ - განაცხადა ქეთი ჩიგოშვილმა.

მიუხედავად მაჩვენებლების ზრდისა, ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კურორტს მეტი პოპულარიზება და დაბალ სეზონზე სხვადასხვა ტიპის აქტივობები სჭირდება.

„პრობლემაა თბილისიდან გზა, რომელიც ზამთარში ნამქერის გამო იკეტება თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია და როგორც გვპირდებიან, მიმდინარეობს მუშაობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ასევე ახალი ტრასები და ინფრასტრუქტურა ცხადია ხელს შეუწყობს კურორტის პოპულარიზაციას. ზოგადად, ცნობადობის ზრდისთვის მნიშვნელოვანია აქტიური რეკლამა და ტურიზმის ადმინისტრაციის ჩართულობა.

ჩვენ ჩვენი მხრივ მაქსიმალურად ვცდილობთ არა მხოლოდ შიდა ტურისტულ კომპანიებთან არამედ სხვა ქვეყნებში კიდევ უფრო გავავრცელოთ ინფორმაცია ჩვენზე.“ - განაცხადა BMG-თან საუბრისას ქეთი ჩიგოშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები