2022 წელი გლობალურად და საქართველოში ტურიზმში აღდგენის დაწყების პერიოდად ითვლება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში 4 703 945 საერთაშორისო ვიზიტი შესრულდა, რაც პანდემიამდე 2019 წლის ვიზიტების მაჩვენებელს 39.1%-ით ჩამორჩებოდა. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, ვიზიტორებმა 2022 წელს ქვეყანაში 3.5 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც 2021 წელთან შედარებით 182%-ით მეტი იყო. ეს შემოსავალი პანდემიამდელ პერიოდსაც აღემატება. აქამდე საქართველოს ტურიზმის სექტორის მიერ გენერირებული შემოსავალი მაქსიმალური 2019 წელს იყო და ის 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
რამდენად შესამჩნევი იყო ვიზიტორების რაოდენობისა და შემოსავლების კუთხით აღდგენა? - ამ კითხვას გადაცემა #რედაქტ2-ში კახეთში, თელავის სოფელ ვარდისუბანში მოქმედი სასტუმროს „შატო მერეს“ მმართველმა პარტნიორმა გია პირადაშვილმა უპასუხა. სტუმარმასპინძლობის დარგის წარმომადგენელი ამბობს, რომ გასულ წელს ტურიზმის აღდგენის წელს ვერ უწოდებს, რადგან ეს მიგრანტების ეფექტით გამოწვეული ზრდა უფრო იყო, ვიდრე საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადების შემოსვლა.
„ეს იყო ქაოსური და ამას ტურიზმის ზრდას ვერ დავარქმევთ. რადგან ტურიზმის ზრდა წელს დაიწყო. შარშან შემოსული ვიზიტორები ტურისტების ნაკადი არ იყო, ეს უბედურებას გამოქცეული ადამიანები - ომის მიგრანტები, სხვა მიგრანტები იყვნენ... ეს ის ტალღა იყო, რომელმაც პირობითად „ტურიზმის ზრდა“ გამოიწვია.
რა თქმა უნდა, როდესაც ქვეყანაში ხალხის დიდი მასა ჩამოდის, ისინი სასტუმროსაც, სახლებსაც იკავებენ და შემდეგ უკვე ყველა თავის საცხოვრისს პოულობს და სასტუმროებს ეს უზარმაზარი პირობითი ტურისტების რაოდენობა გამოეცალა. შესაბამისად, მაგალითად, თბილისსა და ბათუმში სასტუმროების დატვირთვა ალბათ უფრო მაღალი იყო, დანარჩენ რეგიონებში კი - კახეთში, იმერეთში, ქუთაისში აბსოლუტურად სწორად გრძნობ ტურისტების შემოსვლას ან კლებას. ჩვენთვის გასული წელი არ იყო კარგი. 2022 წელი საკმაოდ დაბალი შემოსავლით გამოირჩეოდა. საშუალო წლიური დატვირთულობა 22% იყო“, - განმარტა გია პირადაშვილმა.
მისივე თქმით, „შატო მერესთვის“ ტურიზმის აღდგენა წელს დაიწყო და დატვირთულობა გასულ წელთან შედარებით უკვე გაორმაგებულია.