არტიზანული შოკოლადების, ტრიუფელებისა და ნუგას მწარმოებელი კომპანია „შოკოჰოლიკი“ აცხადებს, რომ წლევანდელი წინასაახალწლო პერიოდი გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, თეა ედიშერაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
ბიზნესგარემოს შეფასებისას იგი აღნიშნავს, რომ გასული წლის წინასაახალწლო სეზონი ბევრ მეწარმეს „ჩაუვარდა“, მაშინ როდესაც მიმდინარე წელს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია. ამასთან, წინასაახალწლო პერიოდი კვლავ ყველაზე დატვირთულ სეზონად რჩება - კორპორაციული შეკვეთები, როგორც წესი, ნოემბრის ბოლოდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.
„შარშანდელი წელი ნებისმიერი ბიზნესისთვის - იქნება ეს მიკრო, მცირე თუ მსხვილი კრიზისული იყო. განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა საახალწლო პერიოდი, რომელიც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას დაემთხვა და შედეგად კორპორაციული შეკვეთების დიდი ნაწილი გაუქმდა“, - აღნიშნა ედიშერაშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელი შედარებით უკეთესი დინამიკით ხასიათდება, თუმცა 2024 წლის გაზაფხულთან შედარებით, 2025 წლის გაზაფხულზე ფინანსური შედეგები შემცირებულია.
„წლევანდელი წელი შედარებით უკეთესია, მაგრამ თუ გასული წლის გაზაფხულს შევადარებთ, მაშინ 2024 წელი ბევრად უკეთესი იყო - უფრო მაღალი პროცენტული მოგება გვქონდა, ვიდრე 2025 წელს. ამ ეტაპზე კი წინასაახალწლო პერიოდი უკვე უფრო დატვირთულია“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.
„შოკოჰოლიკმა“ წელს ასორტიმენტი ახალი პროდუქციით - საშობაო შტოლენით გააფართოვა, რომელმაც მომხმარებელთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია : „შტოლენმა ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და პრაქტიკულად, მოკლე დროში გაითქვა სახელი. გამოხმაურება იმდენად დიდი იყო, რომ შეკვეთების გაუქმებაც გვიწევს. თუმცა, მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ განვიხილავთ გამონაკლისის დაშვებას და დამატებითი შეკვეთების მიღებასაც. შტოლენი ქართული პასკის მონათესავე დესერტია, თუმცა განსხვავებული მომზადების ტექნიკა და სანელებლები აქვს“, - აღნიშნა ედიშერაშვილმა.
ასორტიმენტის გაფართოებასთან ერთად, კომპანიამ სიახლეები დანერგა შეფუთვის მიმართულებითაც. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ პროდუქციის შეძენა სპეციალურად შექმნილი სასაჩუქრე კოლოფებით, რაც შოკოლადისა და ნუგის ჩუქებას უფრო პრეზენტაბელურს ხდის.
თეა ედიშერაშვილის განმარტებით, საშობაო ნუგა, რომელიც შოკოლადთან ერთად ევროპასა და აშშ-ში ტრადიციული სასაჩუქრე პროდუქტია, საქართველოში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს და მოთხოვნაც ეტაპობრივად იზრდება.
ამ დროისთვის „შოკოჰოლიკის“ წარმოებული ნუგები წარმოდგენილია „სმარტის“ ქსელში. კომპანიას აქვს ონლაინ მომსახურებაც და პროდუქციის მიწოდებას საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. გარდა ამისა, „შოკოჰოლიკი“ თანამშრომლობს ტურისტულ კომპანიებთან, რომლებიც ქართულ არტიზანულ შოკოლადსა და ნუგას უცხოელ ვიზიტორებს საჩუქრის სახით ატანენ.
ოფიციალურ ექსპორტზე კომპანია ჯერჯერობით არ გასულა, თუმცა დამფუძნებელი აცხადებს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ემიგრანტებში, პროდუქციაზე მოთხოვნა უკვე არსებობს და მომავალი წლიდან საექსპორტო მიმართულებით გააქტიურებას გეგმავენ.




























