„ევროინტეგრაციის თემა თავიდან ბოლომდე გამოიყენება, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი და ამიტომ ვუწოდებ მას ევროკავშირის ორპირი ქარის პოლიტიკას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"ერთადერთი შანტაჟის ინსტრუმენტი დარჩათ შარშანდელი ნოემბრის შემდეგ, ეს არის ვიზალიბერალიზაცია. მაშინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მხრიდან დღის წესრიგიდან იხსნებოდა მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. იმავდროულად, ჩვენ დავაზუსტეთ, რომ თუ ისინი ამ ნაბიჯს გადმოდგამდნენ, ნებისმიერ დროს მოვაწერდით ხელს მოლაპარაკებების გახსნას. რატომ გავაკეთეთ ეს - სამ თვეში ერთხელ ევროპულ ბიუროკრატიას უნდა ეთქვა უარი საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე - მუდმივი შანტაჟი, მუდმივი ნეგატივი. ეს ასე მოხდებოდა გარანტირებულად, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მივიღეთ 2022 წლის მარტიდან, როდესაც უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე საქართველოში.
ახლა დარჩა ერთადერთი შანტაჟის ინსტრუმენტი, ეს არის ვიზალიბერალიზაცია. თუმცა ეს ინსტრუმენტიც გაცვეთილია. თვითონ რომ ფიქრობდნენ, რომ ეს ინსტრუმენტი შეიძლება იყოს ეფექტური ქართველი ხალხის და საქართველოს წინააღმდეგ, ამ ინსტრუმენტს გამოიყენებდნენ, გარე, არაფორმალური ძალების დავალებით, მაგრამ ფიქრობენ, რომ ამით რევოლუციას ვერ მოაწყობენ, ვერ გამოიწვევენ იმ მასშტაბის ვნებათაღელვას, რამაც შეიძლება განაპირობოს ხელისუფლების შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას გააკეთებდნენ, მაგრამ რაღაც დოზით მათაც აქვთ პრაგმატულობა და ამ ნაბიჯს არ დგამენ იმის გამო, რომ პოტენციურ ეფექტს ვერ ხედავენ.
მე არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას, იმიტომ, რომ ამით საბოლოოდ გაანაწყენებენ ქართველ ხალხსაც. ქართველ ხალხს ისედაც აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ. ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ქართველი ხალხის ნდობა არის უმდაბლეს ნიშნულზე", - განაცხადა კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
19 დეკემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის მე-8 ანგარიშში, სადაც წერია, რომ მეორე ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუკი ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს. საბოლოოდ, საქართველომ შეიძლება სრულიად დაკარგოს უვიზო რეჟიმი და მოხვდეს იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთათვისაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზა სავალდებულოა.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკომისია შეშფოთებულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სერიოზული დარღვევით და არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს მყისიერი ზომები პრობლემების აღმოსაფხვრელად და შეასრულოს კომისიის რეკომენდაციები. საქართველომ დაარღვია ვიზალიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში აღებული არაერთი ვალდებულება და ვერ შეასრულა ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები.




























