მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“შათდაუნი” დასრულებულია! - პრეზიდენტმა ტრამპმა კანონპროექტს ხელი მოაწერა

კონგრესი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის “შათდაუნი” დასრულებულია. კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, დღეს დილით მოაწერა. არსებული მოცემულობით, დამტკიცებულია დროებითი ბიუჯეტი, რომელიც მთავრობის დაფინანსებას 30 იანვრამდე გულისხმობს. რაც შეეხება 2026 წლის მთლიან ბიუჯეტს, მასზე მსჯელობისთვის კანონმდებლებს 2 თვე-ნახევარი ექნებათ.

ვიდრე დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტი თეთრ სახლში გაიგზავნებოდა, ის დაამტკიცეს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში. თავდაპირველად, მას კენჭი უყარეს სენატში, სადაც დემოკრატიული პარტიის 6 წარმომადგენლის დახმარებით დაიძლია დემოკრატიული პარტიის მიერვე დადებული ვეტო, იგივე ფილიბასტერი. ორშაბათს გამთენიისას დამტკიცებული კანონპროექტი გადაიგზავნა წარმომადგენელთა პალატაში, სადაც მას მხარი კონგრესის 222-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 209 წავიდა. ამის შემდეგ დოკუმენტი გადაეგზავნა პრეზიდენტს, რომელმაც მას ხელი მოაწერა და “შათდაუნი” ოფიციალურად დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ფედერალური მთავრობის გახსნას წინ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, 43-დღიანი “შათდაუნი” უძღოდა, რა დროსაც ქვეყნის ეკონომიკამ, Goldman Sachs-ის ეკონომისტების გათვლებით, სულ მცირე, $20 მილიარდის ზარალი მიიღო. მშპ-ს ზრდა კი მე-4 კვარტალში 1.15%-ით შემცირდა. სამსახური დაკარგა 4,000-მა ფედერალურმა მუშაკმა და უხელფასო შვებულებაში გავიდა 600,000 ადამიანი. 700,000 პირს კი საჯარო სამსახურში საქმიანობა საკუთარი ხარჯებით მოუწია. გადაიდო ან გაუქმდა ათობით ათასი ფრენა ქვეყნის 40 უმთავრეს აეროპორტში. სახელმწიფო შემწეობის გარეშე დარჩა 42 მილიონი ადამიანი.

ჯერჯერობით, უცნობია, მოხერხდება თუ არა 2026 წლის საბიუჯეტო პროექტის დამტკიცება, რადგან რესპუბლიკურ პარტიაში ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას შემოღებული “ხელმისაწვდომი ზრუნვის აქტის”, ანუ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის მიმართ აზრთა სხვადასხვაობა კვლავ რჩება. შეგახსენებთ, სექტემბრის ბოლოს, “შათდაუნის” დაწყებას სწორედ ამ საკითხზე შეუთანხმებლობა უძღოდა წინ. მაშინ დემოკრატებმა მოწინააღმდეგეების შიდა დაპირისპირებით ისარგებლეს და დროებითი ბიუჯეტის პროექტს “ფილიბასტერი”, იგივე ვეტო იმ მოთხოვნით დაადეს, რომ რესპუბლიკურ პარტიას მომავალი წლის ბიუჯეტში ობამას ჯანდაცვის პროგრამა კვლავ გაეთვალისწინებინა.

39-დღიანი შეუთანხმებლობის შემდეგ, 6-მა დემოკრატმა სენატორმა “ფილიბასტერის” გაუქმებას იმ პირობით დაუჭირა მხარი, რომ რესპუბლიკური პარტია მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა. ამის გარანტია მათ სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჯონ ტუნისაგან მიიღეს, თუმცა უცნობია, მოახერხებს თუ არა ტუნი პარტიის რადიკალური ფრთის დარწმუნებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები