მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შატილში ჰესი გაითიშა... მაისის ბოლომდე სიბნელეში ყოფნა მოგვიწევს“ - კაფე „სანფლაუერსი“

64072857126ac
თინათინ ნატმელაძე
07.03.23 16:42
888
შატილში "ბიტეხიჰესი" ისევ დაზიანდა. მოსახლეობას მეორე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება და როგორც ადგილობრივი ბიზნესის, კაფე „სანფლაუერსის“ თანადამფუძნებელი მარგარეტ დაიაური სოციალურ ქსელში წერს, ჰესი მაისის ბოლომდე არ შეკეთდება.

„მეგობრებო, ჰესი გაითიშა შატილში. ისე დაზიანდა რომ არაფერი ეშველება გზის გახსნამდე და ხელოსნების გადმოსვლამდე. ამიტომ მაისის ბოლომდე, სიბნელეში მოგვიწევს ყოფნა", - წერს მარგარეტ დაიაური.

BM.GE დეტალების გასარკვევად „სანფლაუერსის“ კიდევ ერთ დამფუძნებელს, გიორგი ჭინჭარაულს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა და ელექტროენერგია მუდმივად შეფერხებით მიეწოდებათ, მაგრამ ამჟამად ჰესი საერთოდ გათიშულია.

„ერთი კვირის წინ სერიოზულად დაზიანდა ჰესი, შემდეგ ერთ-ერთმა ადგილობრივმა საკუთარი ფინანსებით შეაკეთა, მაგრამ ახლა ისევ დაზიანებაა და როგორც გვეუბნებიან, მაისის ბოლომდე, ანუ მანამდე, სანამ გზა არ გაიხსნება და მუშები არ მოვლენ, ვერ შეკეთდება.

ამოქმედების დღიდან პრობლემურია ეს ჰესი, წინა ზაფხულს, მაშინ, როცა ტურისტული სეზონი დაიწყო, თვენახევარი არ გვქონდა ელექტროენერგია, მაშინ მიუხედავად იმისა, რომ გზა იყო და მუშების გადმოყვანა შეეძლოთ, ვერ გვეუბნებოდნენ, დროულად რატომ ვერ კეთდებოდა. არადა, შატილის მოსახლეობის ერთადერთი შემოსავალი ტურისტების მიღებაა, ისიც რამდენიმე თვით და წინა ზაფხულს ესეც ვერ მოხერხდა, მოსახლეობას პროდუქტები გაუფუჭდა, საშინლად დიდი ზარალი მივიღეთ.“ - განაცხადა გიორგი ჭინჭარაულმა.

მისივე ცნობით, ჰესის შეკეთების საკითხზე პასუხს ადგილობრივები ვერცერთი უწყებისგან ვერ იღებენ.

„დუშეთის მერია გვეუბნება, რომ ჰესი ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა, ამ დროს კი ქონების ეროვნული სააგენტო ყურადღებას არ გვაქცევს, არც გვეკონტაქტებიან და არ აინტერესებთ, რომ სადღაც შატილში ელექტროენერგია არაა.

მერი გვეუბნება, რომ ჰესს ასეთ მდგომარეობაში ვერ გადმოიბარებენ, რადგან მერე თავადაც პრობლემები შეექმნებათ.“ - განმარტავს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მერიიდან დაუკავშირდნენ და გენერატორების მიწოდებას დაჰპირდნენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დუშეთის მერია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სამუშოები კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე განხორციელდება.

"ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით, შატილში გენერატორი და სხვა საჭირო რესურსი გაიგზავნება. ფრენა შესაბამისი ამინდის შემთხვევაში განხორციელდება. შედეგად, სოფლის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა მოუგვარდებათ.

ამასთან, კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე, შატილის ჰესის დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, სათანადო სამუშაოები განხორციელდება. პროცესში ჩართულია ცენტრალური ხელისუფლების ყველა შესაბამისი უწყება და ადგილობრივი ხელისუფლება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 მარტს, შატილში არსებული ჰესის დაზიანების გამო, სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეექმნა", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ჰესის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებით BM.GE-მ ქონების ეროვნულ სააგენტოსა და "ენერგეტიკის განვითარების ფონდს" მიმართა, თუმცა ორივე უწყება პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები