„შატო კვირიკე“ ტურიზმის და ღვინის წარმოების მიმართულებით ბიზნესს აფართოებს. კომპანია 100 მლნ ლარის ინვესტირებით ქობულეთში, შატოს მიმდებარედ 300-ნომრიანი აპარტოტელის აშენებას, ასევე ღვინის წარმოების გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ „შატო კვირიკეს“ გენერალურმა მენეჯერმა ლელა წულუკიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
საქმე ის არის, რომ მთავრობა კომპანიას 13 000 მ2-ის მიწის ფართობი საინვესტიციო ვალდებულებით, პირდაპირი ფორმით 819 800 ათას ლარად მიჰყიდის. მთავრობის განკარგულების მიხედვით, „შატო კვირიკემ“ 3 წელიწადში ამ ტერიტორიაზე სასტუმრო და ღვინის წარმოება უნდა ააშენოს, რისთვისაც მინიმუმ 2 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.
კომპანიის გენერალური მენეჯერი BM.GE-სთან ამბობს, რომ კომპანიამ მთავრობას შატოს მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების შეძენის სურვილით, მიმდინარე წლის იანვარში მიმართა და მთავრობამ ბიზნესის ინტერესი დააკმაყოფილა.
ლელა წულუკიძე აღნიშნავს, რომ 100 მლნ ლარი სრულად კომპანიის მფლობელების ინვესტიციაა და „შატო კვირიკეს“ განვითარების პროექტი დაახლოებით 3 წელიწადში უნდა განხორციელდეს.
„შატო კვირიკე“ წარმოადგენს შატოს ტიპის სასტუმროს, რომელიც ძირითადად ზაფხულისთვის არის აქტუალური. ამიტომ სერვისების დამატება გადავწყვიტეთ. ეს გულისხმობს აპარტამენტების ტიპის 4 შენობის აშენებას, რომელიც 300 აპარტამენტს, სარესტორნე სივრცეებს, გასართობ ცენტრს, მულტიფუნქციური სივრცეს მოიცავს, სადაც დახურული აუზი და სპა ცენტრი განთავსდება, სტუმრებს კი ველნეს მომსახურების მიღებაც შეეძლებათ. შატოს გაფართოების პროექტი ღვინის წარმოების ზრდასაც მოიცავს, რომლის წარმადობა 200 ტონა იქნება. ამ წარმოებაში არსებული და დამატებით დასავლეთ საქართველოში არსებული ყურძნის ჯიშებისგან ღვინის წარმოებასა და პოპულარიზება მოხდება.
ამგვარად, ჩვენს მომავალ სტუმრებს უფრო საინტერესო სერვისს შევთავაზებთ ვიდრე აქამდე გვქონდა“, - აღნიშნავს ლელა წულუკიძე და დასძენს, რომ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, რის გამოც „შატო კვირიკე“ სტუმრებს არ იღებს და მხოლოდ საქორწინო და კორპორაციულ წვეულებებს ემსახურება.
კითხვაზე - როგორ აპირებენ კომპანიაში არატურისტულ სეზონზე დამსვენებლის მიზიდვას, „შატო კვირიკეს“ გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, რომ ქობულეთში ბევრი აპარტამენტი არ არის და ამ ტიპის პროექტების განვითარება ახლა დაიწყო.
„რაც უფრო მეტ სერვისს დავახვედრებთ ჩვენს სტუმრებს, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის. ქობულეთში სეზონი ოქტომბერში სრულდება. თუმცა შატო კვირიკეს პროექტი ყოველთვის საინტერესოა საქორწილო და კორპორაციული წვეულებებისთვის. ახალი პროექტით გათვალისწინებული სერვისების მიწოდება კი, რაც დახურული აუზსა და სხვა მომსახურებას მოიცავს, ჩვენს ტურისტულ კომპლექსს უფრო მიმზიდველს გახდის“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, კომპანია „შატო კვირიკე“ სამეწარმეო რეესტრის მიხედვით 1999 წელს არის დაფუძნებული. ამავე ბრენდით ქობულეთში ტურისტული ობიექტი კი პანდემიურ პერიოდში 2021 წელს გაიხსნა. კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე გიორგი ჭყონიაა, თუმცა 100%-იან წილს ჯიმშერ ზოიძე მართავს.
კომპანიის ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციით, „შატო კვირიკე“ 6 ჰექტარზე გაშენებული დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსია. ტერიტორიის 2 ჰექტარზე გაშენებულია როგორც კივისა და თხილის ბაღები, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშები. დანარჩენ ტერიტორიაზე კი მდებარეობს სასტუმროს მთავარი შენობა 23 ნომრით, კერძო ვილით, ღია აუზით და მის ირგვლივ განლაგებული 15 კოტეჯით, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეების სახელი ეწოდება.