მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავ ზღვაში 4,300 ტონა მაზუთი ჩაიღვარა

რუსული ტანკერი

შავი ზღვა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. რუსული სანავთობო ტანკერი, რომელსაც 4,300 ტონა მაზუთი გადაჰქონდა, ოკუპირებული ყირიმის მახლობლად, ქერჩის სრუტესთან შტორმში მოჰყვა და ჩაიძირა. ტანკერის ჩაძირვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა უსაფრთხოების სტანდარტების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

შემთხვევის შემდეგ მალევე, ამავე ადგილას შტორმში კიდევ ერთი რუსული ტანკერი მოხვდა, რომელსაც ოთხი ტონა ნავთობი გადაჰქონდა. თავდაპირველად დაიწერა, რომ ეს ტანკერიც ჩაიძირა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, 132-მეტრიანი ტანკერი ქერჩის სრუტეში მდებარე საპორტო ქალაქ ტამანთან ახლოს მიწაში ჩაეფლო და გაჩერდა. კონკრეტულად რა დაემართა რუსულ ტანკერებს, ჯერჯერობით, უცნობია, ხოლო დეტალების გარკვევას გამოძიება შეეცდება.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორი შემთხვევა ოკუპირებული ყირიმის სიახლოვეს მოხდა, საკითხმა მალევე მიიღო გეოპოლიტიკური ელფერი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სპეციალური შტაბი შექმნა, რომელსაც პრობლემის მოგვარება და ზარალის დათვლა დაევალა. უკრაინის საზღვაო ძალების მეთაურის, დმიტრო პლეტენჩუკის განცხადებით, რუსეთი უპასუხისმგებლოდ მოიქცა, რადგან ასეთი ძველი გემებით შტორმის დროს ღია ზღვაში გასვლა, მისი თქმით, დაუშვებელია.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შავ ზღვაში არსებული ეკოლოგიური გარემო მნიშვნელოვნად დაზიანდა. კვლევები ცხადყოფს, რომ 2022 წელს, ომის შედეგად შავ ზღვაში ვეშაპისნაირთა ოჯახის 1,000-მდე წარმომადგენელი, მათ შორის დელფინი და ზღვის ღორი მოკვდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსული ტანკერების ჩაძირვის შედეგად შავ ზღვაში ჩაღვრილი მაზუთი ამ ეკოლოგიურ პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები