მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შავ ზღვაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, ევროპამ 3.8 მლნ ტონა ყაზახური ნავთობი დაკარგა - Euronews

გაზპრომი

ყაზახეთიდან ნავთობის ექსპორტი მას შემდეგ შემცირდა, რაც უკრაინული დრონების თავდასხმებმა და შტორმმა ნოვოროსიისკში მდებარე "კასპიის მილსადენის კონსორციუმის" (CPC) საზღვაო ტერმინალის მუშაობა შეაფერხა. იანვარში შეფერხება იყო ქვეყნის უმსხვილეს ნავთობსაბადო თენგიზზეც - ამის შესახებ Euronews-ი წერს.

ნოვოროსიისკის ტერმინალი ყაზახური ნავთობის ძირითად ნაწილს ევროპული ნავთობგადამმუშავებელი ქარხნებისთვის განკუთვნილ ტანკერებზე ტვირთავს.

2025 წლის 29 ნოემბერს საზღვაო დრონებით თავდასხმამ მწყობრიდან გამოიყვანა ტერმინალის ერთ-ერთი ღრმაწყლოვანი ნავსადგომი, რომლის გამტარუნარიანობაც დღეში 800,000 ბარელამდეა.

13 იანვარს კი დრონები ორ ტანკერს - Matilda-სა და Delta Harmony-ს დაესხნენ თავს, რომლებიც ყაზახური ნავთობის ჩატვირთვას ელოდნენ.

ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ერლან აკენჟანოვმა განაცხადა, რომ ტანკერები არ მიეკუთვნებოდნენ რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვან ფლოტს".

"გემებს არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ დაწესებული და ისინი არცერთ ‘რუხ სიაში’ არ ყოფილან შეყვანილი", - აღნიშნა მან.

ხელისუფლების ცნობით, ორივე ხომალდი იმ მომენტში ცარიელი იყო. მსხვერპლი ან ნავთობის დაღვრა არ დაფიქსირებულა.

მინისტრმა თავდასხმებით გამოწვეულ ფინანსურ ზარალზეც ისაუბრა.

"ნავთობი ჯერ არც ტრანსპორტირებულია და არც გაყიდული. ის მომავალი საბაზრო ფასებით გაიყიდება. სრული მონაცემები და ციფრები მხოლოდ ტრანზაქციების დასრულების შემდეგ გვექნება".

ყაზახეთს ნედლი ნავთობის დაახლოებით 80% CPC-ის მილსადენით გააქვს, რაც მას ევროპისთვის არარუსული ნავთობის მიწოდების ერთ-ერთ მთავარ მარშრუტად აქცევს.

მილსადენი დასავლეთ ყაზახეთის საბადოებიდან ნოვოროსიისკამდე გრძელდება და ატარებს ნავთობს ქვეყნის უმსხვილესი საბადოებიდან (მათ შორის თენგიზიდან, კაშაგანიდან და ყარაჩაგანაკიდან), რომლებსაც Chevron-ის მსგავსი საერთაშორისო ენერგოკომპანიები მართავენ.

ექსპორტზე ასევე იმოქმედა წლის დასაწყისში გიგანტურ საბადო თენგიზზე მომხდარმა დროებითმა შეფერხებამ.

შეფერხებებმა შეამცირა CPC Blend-ის (მსუბუქი, დაბალგოგირდიანი ნავთობი, რომელიც ევროპელ გადამმუშავებლებს მოსწონთ) მიწოდება.

შესაბამისად, შემცირებულმა გადაზიდვებმა იანვარში ევროპაში ნავთობის ფასების ზრდას შეუწყო ხელი, რადგან მყიდველები იძულებულნი გახდნენ, ალტერნატიული ბაზრები მოეძებნათ.

ევროკავშირის ნავთობის იმპორტში ყაზახეთის წილი 12%-ზე მეტია და ის დიდი ხანია განიხილება, როგორც საკვანძო პარტნიორი მომარაგების დივერსიფიკაციის კუთხით. 2024 წელს ქვეყანამ თავისი დღიური წარმოების (1.8 მლნ ბარელი) უმეტესი ნაწილი სწორედ ევროპაში გაიტანა.

ამჟამად CPC-ის სამი ნავსადგომიდან ორი მუშაობს. დაზიანებული ნაწილის შეკეთება ცუდმა ამინდმა შეაფერხა, თუმცა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან უკვე შეკვეთილია ორი შემცვლელი ნავსადგომი, რომელთა ჩამოსვლასაც 70 დღეში ელოდებიან.

CPC სისტემას წელიწადში 72 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გადატანა შეუძლია და მის აქციონერებს შორის არიან რუსეთი, Shell, Eni და სხვა საერთაშორისო კომპანიები.

გათიშვა თენგიზზე

ყაზახეთის საექსპორტო შეფერხებებს დაემატა გათიშვა თენგიზზე, ქვეყნის უმსხვილეს ნავთ საბადოზე.

ოპერატორმა Tengizchevroil-მა (რომელსაც Chevron ხელმძღვანელობს) თენგიზისა და კოროლევის საბადოებზე მოპოვება 18 იანვარს დროებით შეაჩერა, მას შემდეგ, რაც გენერატორზე გაჩენილმა ხანძარმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. კომპანიას მიზეზებზე დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.

თენგიზის ნავთობის უმეტესი ნაწილი CPC-ის გავლით გადის, ამიტომ ინციდენტის შემდეგ ოპერატორმა CPC Blend-ის მიწოდებაზე ფორსმაჟორი გამოაცხადა.

Chevron თენგიზს მსოფლიოში ყველაზე ღრმა "სუპერგიგანტ" საბადოს უწოდებს. ის დაახლოებით 11.5 მილიარდი ბარელის მოცულობის მარაგს ფლობს, თუმცა მოპოვება ტექნიკურად რთულია.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, გათიშვამ მოპოვება დაახლოებით 7.2 მილიონი ბარელით შეამცირა. მან აღნიშნა, რომ დანაკარგს მოგვიანებით აანაზღაურებენ და წლიური წარმოების გეგმა უცვლელი დარჩება.

თენგიზის სიმძლავრე დღეში 900,000 ბარელამდეა, თუმცა გათიშვამდე ის დღიურად დაახლოებით 360,000 ბარელს აწარმოებდა.

ოპერატორის თქმით, ელექტროენერგიის განაწილების სისტემა უკვე ამუშავდა და მოპოვება ეტაპობრივად აღდგება.

Chevron 48 მილიარდი დოლარის ინვესტიციას დებს გაფართოების პროექტში, რომლის მიზანია წარმოების გაზრდა დღეში თითქმის ერთ მილიონ ბარელამდე (გლობალური მიწოდების თითქმის 1%). თუმცა, საექსპორტო პრობლემებმა ეს გეგმები შეანელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები