ძაღლების გარკვეული ჯიშების მოშენებაზე გამოცხადებული სამწლიანი მორატორიუმი პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებას შეძლებს, თუმცა კანონში მრავალი გაურკვეველი საკითხი და პრაქტიკული გამოწვევა რჩება. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ძაღლების მულტიფუნქციური სივრცის, Modern Dog Resort-ის დამფუძნებელმა თაკო გოგიჩაიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.
მისი შეფასებით, თავად იდეა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძაღლების პოპულაციის ზრდის შეზღუდვა - შეიძლება სწორი მიმართულება იყოს, თუმცა გაუგებარია, რა კრიტერიუმით შეირჩა კონკრეტული ჯიშები.
„ეს ჯიშები, რომლებიც შეარჩიეს... ზოგიერთი მათგანი საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობით არის. არ მგონია, რომ იმდენად ფართოდ იყვნენ გავრცელებული, რომ მათზე მორატორიუმის გამოცხადება აუცილებელი ყოფილიყო. იდეა, რომ გარკვეული დროით ძაღლების გამრავლება შეჩერდეს, შეიძლება სწორიც იყოს, მაგრამ მთავარი კითხვაა, თუ როგორ შეირჩევა ის ჯიშები, რომელზეც ეს შეზღუდვა გავრცელდება“, - ამბობს გოგიჩაიშვილი.
მისი თქმით, პრობლემას ქმნის ისიც, რომ კანონში არ არის განმარტებული ტერმინი „მომატებული რისკის ჯიში“, რაც მომავალში ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ტოვებს.
„თუ ვამბობთ, რომ არსებობს „მომატებული რისკის ჯიში“, ძალიან კონკრეტულად უნდა იყოს ახსნილი, რატომ არის ეს ძაღლი ასეთ კატეგორიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ უბრალოდ დიდი ზომის ძაღლი ავტომატურად საშიშად ჩაითვალოს“, - აღნიშნავს ის.
გოგიჩაიშვილის შეფასებით, რეგულაციაში ასევე პრობლემურია ჯიშების განსაზღვრის საკითხი. მაგალითად, მისი თქმით, ზოგიერთი ჯიში ოფიციალურად აღიარებულია, ზოგი კი არა, თუმცა რეალურად მათ შორის განსხვავება ხშირად ბუნდოვანია.
მისი თქმით, კანონში ბევრი კითხვაა ასევე პოპულაციის კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით - როგორ იმუშავებს ჩიპირების სისტემა, საერთო ბაზა და სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა.
“რაც არ უნდა იყოს ჩამოთვლილი ამ კანონში - დღესდღეობით რაც არის, - ერთი, რომ დავუშვათ პოპულაციის კონტროლი; ორი ის, რომ გვაქვს ჩიპირება და საერთო ბაზა გადასარევი, მაგრამ როგორ მოხდება ეს ყველაფერი; ის, რომ დავუშვათ უნდა იყოს სტერილიზაცია და კასტრაცია, მანდაც უამრავი შავი ხვრელია... როგორ, თუ როგორ მოხდება ეს ყველაფერი, არ მგონია, რომ ამისთვის ჯერჯერობით მზად ვყოფილიყავით“, - ამბობს გოგიჩაიშვილი.
მისი თქმით, პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მფლობელების განათლების ნაკლებობაა, განსაკუთრებით რეგიონებში.
„პრობლემა მხოლოდ იმაში არ არის, რომ ბევრი მიუსაფარი ძაღლი გვყავს. პრობლემა არის ადამიანების დამოკიდებულება. სანამ ძაღლი იქნება „ძაღლია, მივაბამ და რასაც ვაჭმევ, იმას შეჭამს“, მანამდე ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რეგიონებში“, - აღნიშნავს ის.
გოგიჩაიშვილი ყურადღებას ამახვილებს ასევე ვეტერინარულ სერვისებზე ხელმისაწვდომობაზე. მისი თქმით, თუ სახელმწიფო მოქალაქეებს ავალდებულებს ცხოველების სტერილიზაციას ან კასტრაციას, მათ უნდა ჰქონდეთ ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ვეტერინარული მომსახურება.
„თუ კანონით მეუბნები, რომ ჩემი ძაღლი უნდა გავასტერილო ან დავაკასტრირო, მაშინ უნდა მქონდეს 100%-იანი გარანტია, რომ ეს პროცედურა უსაფრთხოდ ჩატარდება. ამას გარდა, განსაკუთრებით რეგიონებში, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ვეტერინარებზე და სასურველია ეს მომსახურება ხელმისაწვდომი ან უფასოც იყოს“, - ამბობს ის.
კანონის კიდევ ერთ გამოწვევად გოგიჩაიშვილი აღსრულების მექანიზმებსა და ჯარიმებს ასახელებს. მისი თქმით, გაურკვეველია, როგორ მოხდება კონტროლი და როგორ დაიწერება, მაგალითად, 10 000-ლარიანი ჯარიმა.
„როგორ უნდა მოხდეს ამ ჯარიმის დაწესება? ქუჩაში უნდა გააჩერო ადამიანი და შეამოწმო ძაღლი კასტრირებულია თუ არა? ან როგორ უნდა დადგინდეს მისი დაბადების თარიღი? გარდა ამისა, ბევრ ორგანიზაციას, მათ შორის ცხოველებთან დაკავშირებულ ბიზნესებს, ჯერაც არ აქვთ წვდომა იმ ბაზაზე, სადაც ეს მონაცემები უნდა იყოს რეგისტრირებული“, - აღნიშნავს ის.
მისი თქმით, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, მნიშვნელოვანია, რომ თემაზე საუბარი დაიწყო და გარკვეული ნაბიჯი გადაიდგა.
„მიხარია, რომ ამ საკითხს ყურადღება მიექცა და რაღაც ნაბიჯი გადაიდგა. ალბათ იქნება ცვლილებები და კორექტირებები, რადგან ამას მოჰყვება უკუკავშირიც საზოგადოებიდან. ჩემი აზრით, დროთა განმავლობაში გარკვეული საკითხები აუცილებლად გადაიხედება“, - აცხადებს თაკო გოგიჩაიშვილი.




























