პირველი ქართული პროფესიონალური სარაგბო კლუბი “შავი ლომი” EPCR-ის ჩელენჯ თასის მეორე სეზონის ჩასატარებლად ემზადება.
წილისყრის შედეგად ქართული გუნდი მესამე ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ფრანგული “ბაიონა” და “ვანი” და წინა სეზონის მსგავსად შოტლანდიური “ედინბურგი”, ინგლისური “გლოსტერი” და უელსური “სკარლეტსი” ეყოლება.
ტურნირს საკმაოდ განსხვავებული ფორმატი აქვს, რადგან არსებული ხუთი მეტოქიდან თითოეული მხოლოდ ოთხს დაუპირისპირდება და ორ თამაშს სახლში, ხოლო ორსაც გასვლაზე ჩაატარებს. ამ შემთხვევაში ჩვენი მეტოქეები ფრანგული “ვანი” და “ბაიონა”, უელსური “სკარლეტსი” და შოტლანდიური “ედინბურგი” იქნებიან.
გუნდი, რომელთანაც მომავალ სეზონში თამაში არ მოგვიწევს ინგლისური “გლოსტერია”, რომელიც გასულ სეზონში გვყავდა ჯგუფში და მათთან 10:15 ანგარიშით მარცხის მიუხედავად ერთი ქულა მოვიპოვეთ.
“შავი ლომი” 2024/25 წლების სეზონის პირველ თამაშს 7 დეკემბერს მიხეილ მესხზე გამართავს და ფრანგულ “ვანს” უმასპინძლებს, რომელმაც გასულ სეზონში Pro D2 მოიგო და უმაღლესი, TOP 14-ის საგზური მოიპოვა. 15 დეკემბერს ქართველი მორაგბეები უელსში “სკარლეტსთან” ითამაშებენ, ხოლო მესამე და მეოთხე მატჩები 2025 წლის იანვარში შედგება.
11 იანვარს მიხეილ მესხის სტადიონზე ფრანგულ “ბაიონას” ვუმასპინძლებთ, ხოლო ტურნირს 19 იანვარს შოტლანდიაში “ედინბურგთან” დავხურავთ, რომელიც გასულ სეზონში "შავი ლომის" ჯგუფში იყო და მაშინ ერთმანეთთან თამაში არ მოუწიათ.