თავის მოვლის საშუალებებზე, ტანისამოსზე, სათამაშოებსა და ტექნიკაზე მაღალმა ფასდაკლებებმა ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობას მადლიერების დღის კვირაში ონლაინ შესყიდვებში $38 მილიარდი დაახარჯინა, რაც ეკონომიკური ბუნდოვანების ფონზე, საყიდლების წარმატებული სეზონის მომასწავებელია.
Adobe Analytics-ის თანახმად, წელს მადლიერების დღის ხუთშაბათიდან “კიბერ ორშაბათამდე” ონლაინ შესყიდვებში აშშ-ის მოსახლეობის მიერ დახარჯული თანხის საერთო მოცულობა 7.8%-ით გაიზარდა, რითაც პროგნოზირებულ 5.4%-იან ზრდას გადააჭარბა.
აშშ-ის საცალო გაყიდვების ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 200 მილიონზე მეტმა ადამიანმა გააკეთა მინიმუმ ერთი შენაძენი როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ მაღაზიებში. მომხმარებელთა რაოდენობა შარშანდელ ნიშნულს - 182 მილიონს - 2%-ით აღემატება. ფედერაცია ასევე ვარაუდობს, რომ შესყიდვების ეს ტალღა კვლავ გაგრძელდება და რიტეილ სექტორში გაყიდვების რაოდენობა ნოემბერ-დეკემბერის სადღესასწაულო სეზონზე 3-4%-ით გაიზრდება.
სადღესასწაულო პროდუქტებზე - როგორებიცაა სათამაშოები, ტექნიკა, სასაჩუქრე ბარათები - შემსყიდველებმა, საშუალოდ $321.41 დახარჯეს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს ჩამორჩება. 2022 წელს საშობაო საქონელზე საშუალო ამერიკელმა $325.44 დახარჯა