წელს „შავი პარასკევი“ საქართველოში განსხვავებული კონცეფციით წარიმართა. ერთი დღის ნაცვლად სავაჭრო ცენტრებმა და რითეილერებმა ფასდაკლებები გასული მთელი კვირის განმავლობაში მოქმედებდა და მათი მტკიცებით, ის არაფრით ჩამოუვარდება იმ შეთავაზებებს, რაც იგივე ბრენდებზე ევროპაში ფიქსირდებოდა. წლევანდელ წელთან მიმართებით მოლოდინები გაცილებით ოპტიმისტური აქვს სექტორს. კომპანია ICR-ის დამფუძნებელი კახა ხაზარაძე bmg-სთან ამბობდა, რომ გასული წლის ნავაჭრის მოცულობას წლევანდელმა მაჩვენებლები უკვე აჭარბებს, წინ კი ყველაზე დატვირთული დეკემბერია. წელს მთავარი გამოწვევა სეზონური საქონლის ამოყიდვაა, რომლის მარაგები ზამთრის სეზონის გვიან დადგომის გამო არსებობდა. როგორ იმუშავა ფასდაკლებებმა ამ თემაზე მონაცემებს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე კვირაში დავითვლით, დღეს კი ონლაინ გაყიდვების შედეგებზე უნდა ვისაუბროთ.
სხვათაშორის პარასკევს, 24 ნოემბერს Amazon-ის თანამშრომლებმა ევროპის მასშტაბით საპროტესტო ტალღა წამოიწყეს, რისი მიზეზიც ელექტრონული კომერციის გიგანტის მიერ “შავ პარასკევს”, რითეილერებისთვის ყველაზე დატვირთულ დღეს, დანერგილი სამუშაო პრაქტიკა გახდა.
“Make Amazon Pay” კამპანიის ფარგლებში გაფიცვებმა და პროტესტმა 30 ქვეყანაზე მეტი მოიცვა. გერმანიაში, რომელიც Amazon-ისთვის გაყიდვების მოცულობით რიგით მეორე უმთავრესი ბაზარია, კომპანიაში საშუალოდ 2 000-მდე თანამშრომელი გაიფიცა. რეინბერგის საწყობში კი გაფიცულ თანამშრომელთა რაოდენობა 500-ს აღწევს, რაც სრული სამუშაო ძალის 40%-ია. Amazon-ის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ პროტესტს თანამშრომელთა მცირე რაოდენობა უერთდება და კომპანია დასაქმებულებს ღირსეულ ხელფასს უხდის. მისი განმარტებით, საწყისი ხელფასი საათში 14 ევროსაც კი აღემატება.
საპროტესტო აქციები გაიმართა ინგლისშიც, სადაც Amazon-ის თანამშრომლები ანაზღაურების მომატებასა და უკეთეს სამუშაო პირობებს ითხოვენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ საპროტესტო ტალღა შეძენილი ნივთების მიწოდებას არ შეაყოვნებს და საოპერაციო ნაწილი კვლავ გამართულია.
რა ხდებოდა საქართველოში?
სტუმარი: თამუნა გოგოლაშვილი - ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი;