შავი ზღვის დაბინძურებისთვის არსებული 65 000-ლარიანი ჯარიმის გაზრდა იგეგმება. შესაბამისი კანონპროექტით, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა, ჯარიმის ₾100 000-მდე ზრდაა გათვალისწინებული.
„სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი საშუალებებიდან ხდება შავი ზღვის დაბინძურება. დღესდღეობით კანონმდებლობით გათვალისწინებულია საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ საჯარიმო სანქცია“, - განაცხადა თანდილაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მეზობელ თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, გაცილებით უფრო მაღალი საჯარიმო სანქციები მოქმედებს.
„ამ ყველაფრის მიზეზი არის პრევენცია, ვინაიდან როგორც იცით საზღვაო ზოლი გამოიყენება როგორც ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისთვის, ასევე იქ ბიომრავალფეროვნების სახეობებია წარმოდგენილი და საჭიროა მაქსიმალურად მოვახდინოთ დაბინძურების ფაქტების პრევენცია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება დაბინძურების შემთხვევების სტატისტიკას, ნინო თანდილაშვილის თქმით, 2021-2023 წლებში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დაბინძურების 40-მდე შემთხვევა იყო.
“ჩვენ გვაქვს ნავთობშემცველი პროდუქტების ჩაღვრის ფაქტები, ასევე ფეკალური მასებით დაბინძურების შემთხვევები ძირითადად უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი საშუალებების მხრიდან, რომლებიც ჩვენს ტერიტორიულ წყლებში შემოდიან. ჯამურად 2021-2023 წლებში 40-მდე ასეთ შემთხვევა იყო და საერთო ჯამში დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ 2 535 000 ლარი შეადგინა. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ფაქტები მზარდია, ვფიქრობთ, მეტი პრევენციისთვის ჯარიმის თანხის ზრდა საჭიროა”, - განაცხადა თანდილაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კანონი 2024 წლის 2 ივნისიდან ამოქმედდება.