საქართველოსა და რუმინეთს შორის შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის (Black Sa Energy) პროექტის ფარგლებში წყალქვეშა კაბელის მშენებლობისთვის 3,5 მილიარდი ევროა საჭირო - ამის შესახებ რუმინულ მედიას ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, სებასტიან ბურდუიამ განუცხადა.
მისივე თქმით, შავი ზღვის მწვანე ენერგიის საკაბელო პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება წარმოდგენილი იქნება ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე, რომელიც ნოემბერში უნდა გაიმართოს.
„რაც მეტი მარშრუტი გვექნება, რაც მეტი წყარო გვექნება, მით უფრო იაფი გახდება ენერგია. ის ფაქტი, რომ ჩვენს რეგიონში არსებულ ევროპულ სახელმწიფოებს ექნებათ წვდომა ენერგიაზე სრულიად განსხვავებული ბაზრიდან, როგორიც არის კავკასიის ბაზარი, რა თქმა უნდა, გამოიწვევს დივერსიფიკაციას. შედეგი მიწოდება და მეტი იაფი ენერგია“, - განაცხადა ბურდუჯამ.
მინისტრმა დაასახელა თანხა, რომელიც შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელება დაჯდება.
„ეს არ არის იაფი პროექტი, ზუსტი თანხა ჩვენ გვეცოდინება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შემდეგ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ 3,5 მილიარდი ევროა საჭირო საქართველოსა და რუმინეთს შორის წყალქვეშა კაბელის ასაშენებლად და ასევე ვიცით, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება“, - განაცხადა მან.
არსებული ინფორმაციით, ობიექტის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია პროექტისთვის 2,3 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.