მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვხედავთ, ჰესი ვერ ავაშენეთ, რა ელექტროენერგიამ უნდა გაიაროს ამ კაბელში?! - ქობულია შავი ზღვის კაბელზე

647661792cd7f
შოთა ტყეშელაშვილი
30.05.23 21:35
2103
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, McKinsey & Company-ის უფროსი პარტნიორი, გიორგი ქობულია BMG TV-ის საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ ესაუბრა. გადაცემა "წერტილის" წამყვანის კითხვაზე თუ რა ეკონომიკური სარგებლის მიღება შეუძლია ქვეყანას ამ ელექტროკაბელით, გიორგი ქობულია პასუხობს, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია მთავრობამ ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი ხედვა მოამზადოს, რადგანაც ფაქტია, რომ ახალი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა ნელა მიმდინარეობს, მათ გარეშე კი უცნობია რა იქნება ქვეყნის სარგებელი ამ კაბელის აშენების შემთხვევაში.

ამასთან, გიორგი ქობულია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ამ პროექტთან დაკავშირებული მრავალი სხვა ტექნიკური საკითხიც ჯერჯერობით გაურკვეველია, ხოლო ყოველივე ამას ხელისუფლების მხრიდან მმართველობის ეფექტიანობა ესაჭიროება.

“ელექტროკაბელი გაივლის ჩვენ ტერიტორიაზე, როგორც გაიარა ბაქო-ჯეიჰანის მილსადენმა. საჭიროა კომპლექსური პროექტის დამუშავება, რომელიც დამოკიდებულია არამხოლოდ კაბელის მშენებლობაზე, არამედ ენერგეტიკული სისტემის განვითარების გენერალური გეგმის შედგენაზეც. ცალკე განხილვაში ძალიან რთულია, რომ რაიმე გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ჩვენ გვჭირდება მთლიანობაში იმის ხედვა, თუ როგორ ვხედავთ ჩვენი გენერაციის განვითარებას, როგორ ვაპირებთ ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის დაბალანსებას. დღეს საქართველოს ელექტროსისტემა ჩართულია რუსეთის, აზერბაიჯანის ელექტროსისტემაში.

არის საკითხები ევროკავშირის მარეგულირებელ და საკანონმდებლო ნორმებთან მიმართებით. ძალიან ბევრი საკითხებია, რომლებიც საჭიროებენ კომპლექსურ ხედვას. დღეს კი ჩვენ ვხედავთ, რას, რომ ჰესი ვერ ავაშენეთ. მივდივართ ისევე ხელისუფლების კვალიფიკაციამდე და იქამდე, რომ არ გვაქვს საკმარისი ნება სერიოზული გეგმების განვითარების და ისევე პიარულ პოპულისტური განცხადებები ისმის.

-მოდით კაბელი ავაშენოთ, რა კაბელი?, რა ენერგიამ უნდა გაიაროს ამ კაბელში? რა ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს ქვეყანა? როგორ მოხდება ეს ტექნიკურად, ევროპის ენერგეტიკულ სისტემაში უნდა ჩავერთოთ? აქ არის მთელი რიგი ტექნიკური საკითხები, რომლებიც საჭიროებს კომპლექსურ შესწავლას,”- განაცხადა გიორგი ქობულიამ "წერტილში".

ენერგეტიკული პროექტი აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და ევროკავშირს ერთმანეთთან შავი ზღვის ფსკერზე გამავალი 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა კაბელით დააკავშირებს, რომელიც, სავარაუდოდ, 1,000 მეგავატი სიმძლავრის იქნება.

ამჟამად პროექტი ტექნიკური-ეკონომიკური შესწავლის ეტაპზეა, რომელიც 2023 წელს უნდა დასრულდეს, თავად კაბელის მშენებლობას კი, წინასწარი გათვლებით, 3-დან 5 წლამდე პერიოდი დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი 2022 წლის 17 დეკემბერს, ბუქარესტში გამართულ ენერგეტიკულ სამიტზე მოეწერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები