მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შავი ზღვის კაბელის პროექტი EU-გან მიიღებს საჭირო სტრატეგიულ და ეკონომიკურ მხარდაჭერას - სამინისტრო

შავი ზღვის კაბელი

ეკონომიკის სამინისტრო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის PCI/PMI-ს (საერთო ინტერესის პროექტი) სტატუსის მიღებას ეხმაურება.

სამინისტროს განცხადებით, 2025 წლის 1 დეკემბერს, ევროკომისიამ მიიღო დელეგირებული მარეგულირებელი აქტი და შესაბამისად გამოაქვეყნა საერთო და ორმხრივი ინტერესების პროექტების ჩამონათვალი, რომელშიც შეიყვანა შავი ზღვის კაბელის პროექტი.

"ევროპული კანონმდებლობის თანახმად დამტკიცებულ ორმხრივი ინტერესის პროექტებს აქტიური სამართლებრივი, ფინანსური და სტრატეგიული მხარდაჭერა ექნება ევროკავშირის მხრიდან. შავი ზღვის კაბელის პროექტმა აქტიური ტექნიკურ-ეკონომიკური შემოწმება გაიარა ევროკომისიის ენერგეტიკის დირექტორატში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მნიშვნელობა, საჭიროება და პოტენციალი.

ორმხრივი ინტერესების პროექტების სიაში შეტანით შავი ზღვის კაბელის პროექტი მიიღებს საჭირო სტრატეგიულ, სამართლებრივ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. ეს არის ევროკომისიის მიერ შემუშავებული პირველი სამართლებრივი დოკუმენტის პროექტი, რომელმაც დაადასტურა პროექტის მიმართ მხარდაჭერის მზაობა. დოკუმენტის რეგულაციად ქცევის შემთხვევაში კაბელის პროექტი მოექცევა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ.

ამ გადაწყვეტილებით პროექტს გაუჩნდება წვდომა ევროკავშირის სპეციალურ საგრანტო დაფინანსების ინსტრუმენტებთან, რომელიც დაკავშირებადობის ხელშესაწყობად საერთო და ორმხრივი მნიშვნელობის პროექტებს აფინანსებს. აღნიშნულის გარდა, ორმხრივი მნიშვნელობის პროექტის სტატუსი უაღრესად მნიშვნელოვანი რეპუტაციული ბენეფიტი იქნება პროექტისთვის ბიზნესს და საინვესტიციო მოდელის ჩამოყალიბების კუთხით", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს ციფრული და წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის ფარგლებში აშენდება დაახლოებით 1155 კმ სიგრძის (1115 კმ წყალქვეშა კაბელი და 40 კმ სახმელეთო), 1300 მეგავატი სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი.

სამინისტროს ცნობით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის. 2024 წლის ივლისში იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მ დაასრულა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია. პროექტი ასევე შეტანილია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO-E) 2026-2036 წლების ათწლიანი განვითარების გეგმაში (TYNDP).

ვრცლად ამ თემაზე: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა EU-ის საერთო ინტერესის პროექტის სტატუსი მიიღო - რას ნიშნავს ეს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები