მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელების ხელშეწყობა რამდენიმე უწყებას დაევალა - ეკონომიკის მინისტრი

შავი ზღვის კაბელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაევალათ.

"შავი ზღვის კაბელთან დაკავშირებით, დღეს წარმოდგენილი იყო კონკრეტული განკარგულება, რომლის მიხედვითაც რამდენიმე უწყებას მიეცა დავალება, რომ პროექტის განხორციელებას შეუწყოს ხელი. მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიეცა დავალება, დაცული ტერიტორიების მართვის გეგმაში მოხდეს გარკვეული ცვლილება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ გეოფიზიკური და გეოტექნიკური, ეკოლოგიური კვლევები შეუფერხებლად ჩატარდეს. ასევე, სახელმწიფო ელექტროსისტემას დაევალა, ამ კვლევების შესაბამისი ტენდერი გონივრულ ვადებში გამოაცხადოს. ასევე, სხვა უწყებებს მიეცათ დავალება, რომ ხელი შეუწყონ პროექტის განხორციელებას", - განაცხადა მინისტრმა.

მასალა განკარგულების გამოქვეყნებისთანავე განახლდება.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება. შავი ზღვის კაბელის შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და მის ხელმომწერებს შორის არიან საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი. პროექტის კონცეფციის მიხედვით, აზერბაიჯანი და საქართველო ელექტროენერგიის მიმწოდებლები, ხოლო რუმინეთი და უნგრეთი მომხმარებლები იქნებიან. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა საქართველოს ინიციატივით ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში დაიწყო და ის 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ივლისამდე გადაიდო. კვლევას იტალიური ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია CESI ამზადებს.

რა ეტაპზეა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები