საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა 1 თვეში დასრულდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელმა განუცხადა.
პროექტის მიმდინარეობაზე სსე-ის სისტემათაშორისი ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო ინტერკონექციის დეპარტამენტის უფროსმა, ნოდარ რუაძემ აღნიშნა, რომ მომდევნო ეტაპი ფსკერის შესწავლაა. მისივე თქმით, მშენებლობა შესაძლოა 2026 წლის ბოლოს დაიწყოს.
„შემდგომ დაგეგმილია შავი ზღვის ფსკერის დეტალური შესწავლის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვფიქრობ, უკვე 2026 წლიდან, შესაძლებელია ამ პროექტზე საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება და მისი შემდგომი განხორციელება”, - განაცხადა ნოდარ რუაძემ.
მისივე თქმით, კაბელის პოტენციურ მომწოდებლებთან კომუნიკაცია მიმდინარეობს.
„ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ერთ-ერთი კომპონენტი არის კაბელების პოტენციურ მომწოდებლებთან ურთიერთობა, განსაზღვრა, რა ფასად შეუძლიათ კაბელის მწარმოებლებს, რომ მოაწოდონ კონკრეტულ პროექტს ეს ტექნოლოგია. პირდაპირ გვაქვს კონტაქტი ამ მწარმოებლებთან და რა თქმა უნდა, არის მზაობა, როდესაც იქნება დაგეგმილი მშენებლობის ეტაპი, მათი მხრიდან მოხდება მოწოდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც უნდა მოხდეს მომწოდებლის შერჩევის გზით. ხაზგასასმელია, რომ მსოფლიოში დიდი კონკურენცია არაა, რამდენიმე მწარმოებელია“, - აღნიშნა სსე-ის წარმომადგენელმა.
ამასთან, ნოდარ რუაძემ თქვა, რომ პროექტი მოითხოვს კერძო ინვესტიციას და მხოლოდ სახელმწიფოს ჩართულობით მისი განხორციელება რთული იქნება.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება. შავი ზღვის კაბელის შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და მის ხელმომწერებს შორის არიან საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი. პროექტის კონცეფციის მიხედვით, აზერბაიჯანი და საქართველო ელექტროენერგიის მიმწოდებლები, ხოლო რუმინეთი და უნგრეთი მომხმარებლები იქნებიან. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა საქართველოს ინიციატივით ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში დაიწყო და ის 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ივლისამდე გადაიდო. კვლევას იტალიური ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია CESI ამზადებს.