„ევროკავშირი მზად იქნება, ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს შავ ზღვაში ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის გაყვანის პროექტს“ - ეს განცხადება ზუსტად 1 წლის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბუქარესტში, საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის ელექტროკაბელის გაყვანაზე ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.
ამ ერთი წლის განმავლობაში ყველა მხარე ბევრს საუბრობდა პროექტის მნიშვნელობასა და პოტენციალზე. 1 წლის თავზე მზადაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის იტალიური კომპანია “ჩეზის“ მომზადებული სკოპინგის ანგარიში და კვლევა შემდეგ ეტაპზე გადავიდა. საქართველოში ელიან, რომ ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევის პირველადი მონაცემები მზად 2024 წლის თებერვლისთვის იქნება, როდესაც თბილისმა საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს.
„პროექტი არის ძალიან საინტერესო საქართველოსთვის, კავკასიისთვის და მთლიანად ცენტრალური აზიისთვის. ჩვენი დაინტერესება არის უდავოდ საფუძვლიანი, შავი ზღვის არეალში, ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაღრმავების თვალსაზრისით“, - ასე აფასებს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს ენერგეტიკის საკითხებში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის მრჩეველთა ჯგუფის წევრი ლიანა ჯერვალიძე, თუმცა მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელება დამოკიდებულია ევროკავშირის ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე, მოთხოვნაზე, ექსპორტ-იმპორტის რუკასა და ასევე ჩვენს რეგიონში წარმოების შესაძლებლობებზე.
შავი ზღვის კაბელი და EU -ს ინტერესები
ენერგოპროექტებთან დაკავშირებით ევროკავშირის განზრახვები და სურვილები გაცხადებულია "საერთო ინტერესების მქონე პროექტების ჩამონათვალში" (PCIs) - აცხადებს „საქმის კურსთან“ ლიანა ჯერვალიძე და იმ ორ წყალქვეშა პროექტზე საუბრობს, რომელიც 28 ნოემბერს ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში მოხვდა და მათ შორის შავი ზღვის კაბელი არ მოიაზრება. ორივე პროექტი დღეს საქართველოს მიერ ინიციირებული პროექტის კონკურენტია.
„ელექტროენერგიის და გადამცემი ხაზების კუთხით სიაში ორი პროექტია - ორივე წყალქვეშა კაბელია. პირველი მათგანი ტუნისიდან იტალიაში შემავალი კაბელია, რომელმაც თეორიულად, დიდი ოდენობით ელექტროენერგია უნდა მიაწოდოს ევროპას. მეორე პროექტი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთს უკავშირდება. კაბელი სავარაუდოდ, დაიწყება ისრაელის ოფშორში და შეაღწევს ევროკავშირში კვიპროსის და საბერძნეთის გავლით. ეს ორი პროექტია ჯერჯერობით იმ ჩამონათვალში, რომელსაც ევროკავშირი დაუყოვნებლივი ინტერესის საგნად აღიარებს. ჯერჯერობით ჩვენი პროექტი ამ ჩამონათვალში არ არის და დიდი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ შავი ზღვის პროექტი ამ სიაში შევიყვანოთ. ამაში დიდი როლი უნდა შეასრულონ ჩვენმა საკონტაქტო ქვეყნებმა - რუმინეთმა და უნგრეთმა, რომლებმაც უნდა მიიღონ ეს კაბელი, მას შემდეგ რაც ის ზღვის წყლებს დატოვებს და ხმელეთზე გადავა“, - განმარტავს ლიანა ჯერვალიძე.
შავი ზღვის კაბელი და საქართველოს ენერგორესურსები
„უნდა ვიბრძოლოთ, ვიყოთ ექსპორტიორები წყალქვეშა კაბელით“ - ლიანა ჯერვალიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს უპირველესი ინტერესია ამ კაბელის მეშვეობით ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტიორი გახდეს და მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნის როლს არ დასჯერდეს. ამისათვის კი, ჰიდრორესურსების ათვისების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.
„ საინტერესო დღეს არის ის, რომ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ 2022-23 წლებში რეკომენდაცია მისცა წევრ ქვეყნებს დიდი და საშუალო ჰიდროელექტროსადგურებს მისცენ დაფინანსების ისეთივე სქემები, როგორიც არის ქარის ან მზის ენერგიის ათვისების ხელშესაწყობად. აქამდე განახლებად ენერგიად ითვლებოდა მხოლოდ მცირე წარმადობის ჰესები, მზის და ქარის ელექტროსადგურები. ახლა ცხადი გახდა, რომ მცირე ჰესებით ვერ შეძლებენ ევროკავშირის სივრცეში ამინდის შექმნას და საჭიროა დიდი სადგურების მშენებლობაც. ეს ჩვენთვის საინტერესოა, ვინაიდან ჩვენი გეგმა ითვალისწინებს 3 დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ვინაიდან ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო რეკომენდაციას აძლევს ბანკების დააფინანსონ დიდი ჰესების მშენებლობა, ჩვენ იმედი შეიძლება გვქონდეს, რომ ეს პროექტები დაიძვრება და შევძლებთ ერთი-ორი დიდი ჰესის აშენებას მაინც“, - ამბობს ენერგეტიკის საკითხებში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის მრჩეველთა ჯგუფის წევრი ლიანა ჯერვალიძე.
მისი თქმით, ჩვენ თუ ავაშენებთ დაგეგმილ დიდ ჰიდროსადგურებს და ამაში ხელშეწყობა გვექნება, საქართველოს გაუჩნდება სერიოზული საექსპორტო პოტენციალი.
„უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენ ვიყოთ ექსპორტიორები. ჩვენი ქარის და მზის ენერგიით ამინდს ვერ შევქმნით და ამ სიმძლავრის კაბელს ვერ დავტვირთავთ. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს - აზერბაიჯანში საუბარია კასპიის ზღვის ოფშორში ქარის სისტემების განვითარებაზე. აზერბაიჯანს ამ მხრივ გარკვეული პოტენციალი აქვს. რაც შეეხება ცენტრალური აზიის „მობმას“ პროექტში, აქ თურქმენეთი იმედოვნებს, რომ შეძლებენ კასპიის ზღვის გავლით, გაზის გენერაციით გამომუშავებული ელექტროენერგიის აზერბაიჯანში გადმოტანას და შემდეგ ამ დერეფანზე დაერთებას. თუმცა, ეს ჯერ იდეის დონეზეა. რაც შეეხება ყაზახეთს, იქ დიდი სამუშაოები მიმდინარეობს, რომ დაიწყონ რომ წყალბადის წარმოება. ევროკავშირის საერთო ინტერესების პროექტების ჩამონათვალში გარდა ელექტროგადამცემი პროექტებისა, ძირითადი აქცენტი გაკეთებულია წყალბადის წარმოება/მიღების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე“, - განაცხადა „საქმის კურსში“ სტუმრობისას ლიანა ჯერვალიძემ.
ვინ არიან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის აშენების ლობისტები ევროკავშირში?
ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ პროექტის გარშემო ინტერესების კონცენტრირებაში დიდი როლი უნგრეთს და რუმინეთს ენიჭება და აქ მათი დიდი ინტერესიც არის.
„ისინი უპირველეს ყოვლისა, თვისი თავის ლობისტები არიან, იმიტომ რომ მათი როლი გაიზრდება ევროკავშირის სივრცეში. ეს არის რეგიონზე გათვლილი პროექტი, რომელიც გაზრდის რუმინეთი და უნგრეთი წონას, რადგანაც ისინი იქნებიან ი მიღებული ელექტროენერგიის გამანაწილებლები და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ქვეყნები გააქტიურდებიან და მეტ ძალისხმევას გასწევენ. თუმცა, ახლა არჩევნების ფაზაში შედის ევროკომისია და გაურკვეველია ვინ იქნება ენერგეტიკის საკითხებში ენერგოკომისარიც. ამიტომ უნდა დაველოდოთ არჩევნების შედეგებს, შემდეგ ფაზას და შემდეგაც ძალიან აქტიური მუშაობა იქნება საჭირო ევროკომისიასთან, ევროკომისართან იმისთვის, რომ ჩვენი მიმართულება გაძლიერდეს“, - ამბობს ლიანა ჯერვალიძე.
მისი თქმით, დასაფიქრებელია ვითარება, რაც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ისრაელის ოფშორში ხდება. თუ იქ ვითარება არასასურველი სცენარით განვითარდა, სამხედრო მოქმედებებმა რეგიონულ ხასიათი მიიღო და არაბული ქვეყნების მეტი ჩართულობა მოხდა, ეს შეაფერხებს მოაზრებულ პროექტს.
აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი 1195 კილომეტრი სიგრძის გადამცემი ხაზის აშენებას გულისხმობს, საიდანაც 1100 კმ. წყალქვეშა გაივლის.
„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მონაცემებით, 1000 მგვტ სიმძლავრის კაბელისთვის საქართველოსა და რუმინეთში მოეწყობა საზღვაო და სანაპირო ელექტროდები, გადამყვანი სადგურები და ხმელეთის ელექტროგადამცემი ხაზები, კერძოდ, HVDC კაბელი (მიწის კაბელი) და HVAC საჰაერო ხაზები (ეგხ). წყალქვეშა კაბელი საქართველოსა და რუმინეთის გარდა, ასევე, გადაკვეთს თურქეთისა და ბულგარეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებს.