მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შავი ზღვის კაბელის" პროექტზე ოთხი ქვეყნის ერთობლივი საწარმო შეიქმნა

შავი ზღვის კაბელი

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთა მონაწილეობით ერთობლივი საწარმოს Green Energy Corridor Power Company - GECO POWER COMPANY რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.

ერთობლივი საწარმო, ამ ეტაპზე, მწვანე ენერგიის კორიდორის კვლევითი და საპროექტო საქმიანობით იქნება დაკავებული. შესაბამისად, მისი შექმნის მიზანს წარმოადგენს მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტის რეალიზება, რაც, მათ შორის, ითვალისწინებს შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის მშენებლობას.

პროექტის მიხედვით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სიგრძე იქნება 1155 კმ-ზე მეტი (1115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე), ძაბვა - 525 კვ, ხოლო სიმძლავრე - 1300 მგვტ პროექტი ასევე მოიცავს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო კაბელის მშენებლობას, რომელიც დამონტაჟდება წყალქვეშა ძალოვანი კაბელისთვის შერჩეულ დერეფანში. წყალქვეშა კაბელის მშენებლობის დასრულების სავარაუდო თარიღია 2030 წელი.

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურმა კვლევამ, რომელიც იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მ განახორციელა, დაადგინა, რომ აღნიშნული პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია.

Green Energy Corridor Power Company - GECO POWER COMPANY-ის დამფუძნებელი კომპანიები არიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან - ღსს „აზერენერჯი“, საქართველოს მხრიდან - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, უნგრეთის მხრიდან - MVM Energy Private Limited Company, ხოლო რუმინეთის მხრიდან - National Power Grid Company Transelectrica S.A. ერთობლივი საწარმო თანაბარი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა და შესაბამისად, ყველა ჩართული მხარე თანაბრად მიიღებს მონაწილეობას კომპანიის მართვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები