მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის აღდგენა შესაძლებელია - პუტინის პირობები

დფგ

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში შეხვდნენ.

ვლადიმერ პუტინმა „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ რუსული მხარე  მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

მისი თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის აღდგენა მხოლოდ რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"მზად ვიქნებით, განვიხილოთ მარცვლეულის გარიგების აღორძინების შესაძლებლობა, როგორც კი შესრულდება ყველა შეთანხმება რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ჩვენ ახლოს ვართ აფრიკის ექვს სახელმწიფოსთან შეთანხმების დასრულებასთან, სადაც ვაპირებთ საკვების უფასოდ მიწოდებას და თუნდაც უფასო ლოგისტიკის განხორციელებას ამ ტვირთის მიწოდებისთვის.

მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია, მიწოდება უახლოეს ორ კვირაში დაიწყება. ჩვენ მზად ვართ, ერთად გავაძლიეროთ ინიციატივები, როგორც თურქეთის პრეზიდენტი დაჟინებით მოითხოვს, დავუბრუნდეთ შავი ზღვის ინიციატივას და მივაწოდოთ მარცვლეული უღარიბეს ქვეყნებს თურქეთთან და კატართან ერთად“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ცნობისთვის: რუსეთმა ოდესის რეგიონში, მდინარე დუნაის საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით შეტევა განახორციელა. აღნიშნული ინფრასტრუქტურა უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან დუნაი უკრაინისთვის მარცვლეულის ექსპორტის მთავარი მარშრუტი იყო ივლისის შემდეგ, ანუ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმება დატოვა.

შეგახსენებთ, უკრაინამ და რუსეთმა 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთიც და უკრაინაც მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. თავის მხრივ, რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს ამოიწურა და რუსეთმაც მისი დატოვების შესახებ განაცხადა. ამასთან, მოსკოვი შეთანხმების სანაცვლოდ ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას და Россельхозбанк-ის საგადასახადო სისტემა SWIFT-ში დაბრუნებას ითხოვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები