2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკაში 20.9 მლნ დოლარის აზერბაიჯანული პირდაპირი ინვესტიციები ჩაიდო. თუ გასულ წელს აზერბაიჯანიდან FDI წლიურ ჭრილში გაზრდილი იყო, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წლიურად მაჩვენებელი 4 მლნ დოლარით არის შემცირებული.
BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია რომელ დარგებში ჩაიდო მეზობელი ქვეყნიდან ინვესტიციები. ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანელ ინვესტორები ყველაზე მეტად საქართველოში ლოგისტიკის სფეროთი ინტერესდებიან, სადაც იანვარ-მარტში 18.5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო; მეორე დარგი მშენებლობაა 10.5 მლნ დოლარის ინვესტიციით, მესამე კი საფინანსო და სადაზღვევო სექტორია 1.5 მლნ დოლარის FDI-თ. მცირე მოცულობის ინვესტიციები ჩაიდო უძრავი ქონების სექტორია და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობებში.
უნდა აღინიშნოს, რომ დამმუშავებელ მრეწველობაში აზერბაიჯანის შემთხვევაში ინვესტიციების გადინება ფიქსირდება, რაც 8.6 მლნ დოლარს შეადგენდა, ხოლო სხვა სექტორებში - ვაჭრობის, ტურიზმის, განათლების, ICT სექტორში, გადინების მოცულობები მცირე იყო. ეს შეიძლება ინვესტორების მიერ დივიდენდების გატანით იყოს განპირობებული.
TOP-10 კომპანიის სია კი, რომლებშიც I კვარტალში ყველაზე მოცულობითი აზერბაიჯანული ინვესტიციები ჩაიდო ასე გამოიყურება:
- შპს შავი ზღვის ტერმინალი;
- შპს კარმენ;
- შპს ტრეიდ ენდ ექსპორტ;
- შპს პაშა დეველოპმენტ ჯორჯია;
- შპს ვივა ფარმი;
- შპს რიმო ჯგუფი;
- შპს ავანტ გრუპ ჯორჯია;
- შპს სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი;
- შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი;
- შპს რიჩ გრუპ;
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 271.2 მლნ. აშშ დოლარის FDI ჩაიდო. წლიური ზრდა 47.7%-ია. ამასთან, რეინვესტიციის წილი მთლიან FDI-ში ნახევარზე მეტია და 53.8% აღწევს. საქსტატში განმარტავენ, რომ FDI-ს „ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით“.




























