მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი გეგმის მიხედვით ხორციელდება - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრი

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი გეგმის მიხედვით მიდის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რეგიონალური, საერთაშორისო ეკონომიკური მნიშვნელობის. მათ შორის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის არის ძალიან ღირებული პროექტი.

პროექტში 4 ქვეყანა მონაწილეობს, მათგან ორი ევროკავშირს წარმოადგენს - რუმინეთი და უნგრეთი და ორი ქვეყანა სამხრეთ კავკასიას - საქართველო და აზერბაიჯანი. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ამ პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ.

ბოლო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება შვილობილი კომპანია რომელიც პროექტის განხორციელებას დაიწყებს. თუმცა ქვეყანამ უკვე საკუთარი რესურსებით დაიწყო მიზანშეწონილობის კვლევა - მსოფლიო ბანკისგან სახსრები გვაქვს მოზიდული, რომ ეს კვლევა მაღალ დონეზე დასრულდეს და იმედი გვაქვს კვლევა წლის ბოლომდე დასრულდება.

ასე რომ პროექტი გეგმის მიხედვით მიდის. მაღალი მნიშვნელობის პროექტია თუმცა გრძელვადიანია და საბოლოოდ საქართველოს საშუალებას მისცემს დაუკავშირდეს პირდაპირ,  ტრანზიტის გარეშე ევროკავშირის ყველაზე მაღალი ღირებულების ელექტროენერგიის ბაზარს და ეს ენერგოსექტორის წახალისებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი) რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს აღნიშნულ რეგიონებს შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები