"ოცნების" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე ამბობს, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი როგორც საქართველოს, ისე ევროპის ინტერესის სფეროშია, რადგან ეს არის დივერსიფიცირების ერთ-ერთი საშუალება, რითაც ევროპას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობა ეძლევა. მის კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობა საკმაოდ მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ფორმატისაა - რამდენადაც საქართველოს ინტერესის სფეროშია ევროპასთან პირდაპირი ენერგეტიკული კავშირი, ასევე ევროპაა დაინტერესებული, რადგან ეს არის დივერსიფიცირების ერთ-ერთი საშუალება, რითაც მას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობა ეძლევა“, - განაცხადა ინგა ფხალაძემ პროექტის მნიშვნელობასა და მისი განვითარების პერსპექტივებზე საუბრისას.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მიერ ინიციირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი 2025 წლის ბოლოს ორმხრივი ინტერესების პროექტის (Project of Mutual Interest) სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალშია შეტანილი. აღსანიშნავია, რომ პროექტს წარდგენის დროს თან დაერთო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მხარდამჭერი დოკუმენტი.
„ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ევროკომისიამ აღიარა მისთვის მნიშვნელოვანი პროექტი და ის ორმხრივი ინტერესების პროექტის ნუსხაში შეიტანა. ჩვენთვის პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქართველო ძალიან მდიდარია განახლებადი რესურსებით. ახლა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც გულისხმობს გადაწყვეტილებას, რომ დივერსიფიცირებულად ვაწარმოოთ ელექტროენერგია ყველა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ აქ წარმოებული მწვანე ენერგია ძალიან საინტერესო იქნება ევროპისთვისაც და აზიისთვისაც, ყველასთვის, ვინაიდან ის სუფთა ენერგიის სახით შეიძლება იყოს მიწოდებული“, - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა საქართველოსთვის ენერგოდაკავშირებადობის მნიშვნელობაზე - მისი შეფასებით, გარდა იმისა, რომ საქართველოს წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვის, ევროპასთან პირდაპირი ვაჭრობის შესაძლებლობა ექნება, გაიზრდება ტრანზიტის პოტენციალიც.
„დაინტერესების შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ჩვენი კაბელის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარების საშუალება გვექნება. ამასთან, ევროკავშირსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოს ელექტროენერგია იმ მომენტში, როდესაც ეს მას ძალიან სჭირდება. დივერსიფიცირება ნიშნავს - გარდა იმისა, რომ ევროპის ქვეყნები ერთმანეთთან ვაჭრობენ, მათთვის საინტერესოა სხვა დერეფნის საშუალებით სხვა ქვეყნებიდან, ჯერჯერობით, არაევროპული ქვეყნებიდან მიიღონ მათთვის აუცილებელი ელექტროენერგიის რაოდენობა. ეს არის ენერგოუსაფრთხოების, ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროპის მხრიდანაც“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
პროექტის საინვესტიციო პოტენციალი კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც ინგა ფხალაძემ გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, გარდა იმისა, რომ საქართველო აქ წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვას შეძლებს, ასევე ბევრ დაინტერესებულ ინვესტორს მოიზიდავს იმისთვის, რომ ენერგეტიკის დარგი კიდევ უფრო განვითარდეს. „შესაბამისად, რეპუტაციულადაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და მისი განვითარებისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ინვესტიცია 3,5 მლრდ ევროს უტოლდება. ინგა ფხალაძის ინფორმაციით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ მოქცევა ლიცენზიების ძალიან შეღავათიანი პირობებით აღებას და პროექტის სწრაფად განვითარებას ნიშნავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ეს ხელს შეუწყობს პროექტით ინვესტორების დაინტერესებას.
„აღნიშნული პროექტი გულისხმობს ინვესტიციას, რომელიც 3,5 მილიარდ ევროს ტოლფასია. შესაბამისად, საგრანტო დაფინანსება მერყეობს 30-დან 50 პროცენტამდე. ხანდახან 75 პროცენტის ოდენობითაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება. ძალიან სერიოზული ევროპელი და აზიელი ინვესტორები უკვე მოდიან და საუბრობენ იმაზე, რომ ამ პროექტში მონაწილეობის დიდი ინტერესი აქვთ,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს შავი ზღვის ფსკერის შესწავლის პროცესი - საუბარია გეოფიზიკურ და გეოტექნიკურ კვლევებზე, რისთვისაც შავი ზღვის აკვატორიაში სპეციალური გემები უნდა შემოვიდნენ.



























