მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვა ევროპულ სივრცესთან დასაახლოებლად უნდა გამოვიყენოთ - ზვიად ჭუმბურიძე

649ee713b890b
ელენე გოგბერაშვილი
01.07.23 00:30
741
დღეს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს დაფუძნებული შავი ზღვის პლატფორმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განსახილველი მთავარი თემა იყო საბორნე მიმოსვლის დაფუძნება ფოთსა და კონსტანცას შორის.

ფოთი-კონსტანცას საბორნე ხაზზე პირველი რეისი გუშინ E60 Shipping Line-ის მიერ განხორციელდა. ბორანს სატვირთო ავტომობილებისა და კონტეინერების გადაზიდვის გარდა, მსუბუქი ავტომობილებისა და მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობაც აქვს.

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა გადამზიდავებისთვის და ზოგადად სატრანსპორტო სექტორისთვის და საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად გადადგმული ნაბიჯია.

„თითოეული პროექტი, რომელიც გვაახლოებს ევროპულ განზომილებასთან და რა თქმა უნდა შავ ზღვას აქვს ამოუწურავი საშუალება და პერსპექტივა ევროპასთან თანამშრომლობის, ჩათვალეთ, რომ ეს არის ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური წარმატება.

ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ჩვენ არ გვაქვს ევროპასთან სახმელეთო საზღვარი. სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს, მაგრამ საზღვაო განზომილება გვაქვს, საზღვაო საზღვარი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სახმელეთო საზღვარი. სწორედ შავი ზღვა უნდა გამოვიყენოთ ევროპულ სივრცესთან უფრო მეტად დასაახლოებლად.

რაც შეეხება კონსტანცა-ფოთის საბორნე ხაზს, ეს არის ძალიან პერსპექტიული პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს შუა აზიიდან შუა კორიდორით ტვირთების გადაზიდვის მიმართულებას. საბორნე ხაზი ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელია იმის, საქართველოს ევროპასთან თანამშრომლობის როგორი პერსპექტივები აქვს. შავი ზღვა არის ევროპული ზღვა, ეს არის ის ზღვა, რომელიც საქართველოს და არამარტო საქართველოს, რეგიონს, ცენტრალურ აზიას აკავშირებს ევროპასთან“,-აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები